21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე: დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები — ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესის მიმდინარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებულებს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა, სახაზინო ადვოკატები დაუნიშნა. პოლიტიკოსის თქმით, პროცესი დახურულია, დარბაზში კითხვების დასმისა და რეაქციების გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ და მოსამართლეს ბრალდებულების დარბაზიდან ეტაპობრივად გაძევების ტენდენცია აქვს.

ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა პროკურატურის მოწმეების (მათ შორის პოლიციელების) ჩვენებებზე და მათ აბსურდული უწოდა, რადგან ისინი ბრალდებულებს პარლამენტის შენობის აღებისკენ მოწოდებაში სდებენ ბრალს, თუმცა დეტალები არ ახსოვთ:

„მოწმეს ჩვენებაში ეწერა, რომ საუბარი ჰქონდა ელენე ხოშტარიაზე და ნიკა მელიაზე, თუმცა დარბაზში ილაპარაკა, რომ გვარამია, მე და ბადრი ჯაფარიძე დაგვინახა. ბადრის ეუბნებოდა, ხელით როგორ მოუწოდებდი ხალხს პარლამენტის აღებისკენო, რაზეც გაგეცინება… ჩემი აზრით, ყველას გამოგვყრის და ბოლოს დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა, არც არავინ გამოვა გარეთ და არავინ არაფერს მოგიყვებათ“, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ბრალდებები (მუხლების მიხედვით) საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებას გულისხმობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის სპიკერი: თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, რისკავს 2 მილიარდამდე ევროს მობილიზების პლატფორმიდან სარგებლის შეზღუდვას
შემდეგი სტატიატატა ხვედელიანი გენერალურ აუდიტორს: რამ შეგიშალათ ხელი ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის კორუფცია გამოგევლინათ?!