ზურაბ ჯაფარიძე – ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება

„ძველ და ახალ „გირჩს” შორის ბევრი განსხვავება იქნება – ერთ-ერთი მეტი ღიაობაა. იდეოლოგიას რაც შეეხება, ისევ კლასიკური ლიბერალიზმის ერთგული ვრჩებით“, – ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ინტერვიუში ზურაბ ჯაფარიძემ არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ საკითხზე „გირჩის“ მეორე ფრთასთან ითანამშრომლოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ მაინც კონკურენტები იქნებიან.

„საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი “გირჩი” მიესადაგება მის გემოვნებას. არ მგონია, “ოცნებას” ჩაეხუტონ, არც ის, რომ პოლიტიკური სცენიდან გაქრნენ, ნიჭიერი ხალხია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლიათ“, – ამბობს ჯაფარიძე და აანონსებს, რომ პარტიას ახალი სახეები აუცილებლად ეყოლება, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა იქნება.

„რაც შეეხება გაერთიანებას, არავისთან არანაირი ფორმატით არ ვაპირებთ გაერთიანებას, “გირჩს” თავისი გზა აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პარტიის დაფინანსების საკითხზე, ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის ფული არც აქამდე აუღია და არც მომავალში აპირებს.

„არასდროს ამიღია პარტიის დასაფინანსებლად ბიუჯეტის ფული და არც მომავალში ვაპირებ. “გირჩი” არასდროს დაფინანსდება ბიუჯეტიდან. როგორ ვარსებობთ? კერძო შემოწირულობებით. ათასობით მოქალაქე ყოველთვიურად გვირიცხავს ფულს, დაწყებული ერთი ლარით, დამთავრებული ორასით. ეს არის სწორი გზა, თუ გვსურს, პოლიტიკა პოლიტიკას ჰგავდეს“, – ამბობს ჯაფარიძე და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „გირჩს“ პალიკო კუბლაშვილი აფინანსებდა.

„პალიკო კუბლაშვილი ჩვენ მხოლოდ რამდენჯერმე დაგვეხმარა – ერთხელ ოფისის ქირა გადაგვიხადა და ერთხელაც პორტალის დამზადების ხარჯი აგვინაზღაურა ჩემი თხოვნით. ასე რომ, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არა ვართ და არც მომავალში ვაპირებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე ამავე ინტერვიუში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს შეთანხმებული გეგმა, რას გააკეთებენ ისინი, თუ მოლაპარაკებისგან შედეგი არ იქნება, არც პარლამენტში შევლენ და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, აქციებსაც ვერ გამართავენ.

„ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, ამავეს მეკითხებიან ჩემი მხარდამჭერებიც. გამიჭირდება მთლიანი ოპოზიციის სახელით საუბარი, არ ვიცი, რომელ პარტიას რა გეგმა აქვს. მე მხოლოდ ჩემს თავსა და ახალ “გირჩზე” შემიძლია გითხრათ – ჩვენ პარლამენტის გარეთ ბრძოლის გამოცდილება გვაქვს და ასევე ვაპირებთ გაგრძელებას. განსხვავება ის იქნება, რომ ადაპტირება მოგვიწევს ახალ რეალობასთან, პარლამენტის მანდატების გარეშე უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა: „საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებით ოპოზიციაზე ზეწოლის ცდა, რომ რამენაირად შეიტყუონ პარლამენტში, ხელს არ უწყობს მოლაპარაკებას“.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი – უკვე დაწყებულია და ბუნებრივია, გაგრძელდება ასეულობით პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას