„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლებას პროცესების დაჩქარება კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება.
ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სასამართლო გრაფიკის მკვეთრი ცვლილება და კვირაში ორჯერ პროცესების ჩანიშვნა პირდაპირ კავშირშია მის შესაძლო დაკავებასთან:
„არ გამოვრიცხავ, რომ ციხეში აღმოვჩნდე. შესაძლოა, გათვლა აქვთ ამათ, რომ მე აქედან გავიქცევი, აშშ-ის საელჩოში გადავირბენ და შევეხვეწები, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ათას პრობლემაზე თვალი დახუჭონ, რადგან სექტემბერში მიჭერენ. ეს არ მოხდება! ციხეში მოხვედრის შიში დიდი ხნის წინ გადავლახე“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსის განცხადებით, პროცესების ფორსირებით ხელისუფლება პარტნიორებს გარკვეულ პირობებს უყენებს: „სიგნალს უგზავნიან, ცალკე ამერიკელებს — „ან დავლაგდეთ სწრაფად, ან ამათ ყველას ციხეში შევყრი“.
ჯაფარიძემ დღევანდელი სხდომა ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც დაუკავშირა: „დღეს არის ტექნიკური შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, სადაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი განიხილება. დეკემბერში ევროსაბჭოში იქნება ეს საკითხი და საბოლოოდ, იანვარში იქნება გადაწყვეტილება“.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი 8 ოპოზიციონერ ლიდერს აქვს წარდგენილი. მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ბრალად ედებათ საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (სსკ-ის 318-ე და 319-ე მუხლები), რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















