ზურაბ ერქვანია: ,,უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები,,

afxazeTi

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზშიმოგეხსენებათ, დღეს კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიას ავტოკეფალიის სიგელს ოფიციალურად გადასცემს. პატრიარქი ბართლომე მოუწოდებს მსოფლიოს მართლმადიდებლებს ცნონ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.

კრემლი და მოსკოვის საპატრიარქო ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდით ცდილობენ ამ სამართლიანი პროცესის ხელშეშლას და მთელი რუსული სახელმწიფო მანქანის პროპაგანდა მიმართულია კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს და უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ზუსტად ერთი საუკუნის წინად დაწყებული ისტორიული და ბუნებრივი პროცესის ხელშეშლა უკვე შეუძლებელია.უკრაინის ეკლესია იმყოფება ზუსტად იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო საქართველოს ეკლესია 1917 წელს, როდესაც გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა.დრო მუშაობს უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. ეს იციან უკრაინაშიც და იციან კონსტანტინეპოლშიც.

უკრაინის ეკლესია ისტორიულად არის კიევის სამთავროს დედაეკლესია, რომელიც მეათე საუკუნეში დაარსდა. შემდეგ იგი გადაიზარდა მოსკოვის მიტროპოლიაში და ახლა კიევი იბრუნებს ძველ სტატუსს, რაც ნიშნავს დამოუკიდებელ, ავტოკეფალურ ეკლესიას.

ეს მსოფლიო მნიშვნელობის საეკლესიო და პოლიტიკურ მოვლენაა. დამოუკიდებელი უკრაიონის სამი დამოუკიდებელი ეკლესია გაერთიანდა. ისტორიული სამართლიანობა ზეიმობს ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. უკრაინას ყველანაირი კანონიკური და ისტორიული არგუმენტით ეკუთვნის საკუთარი ადგილობრივი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო. ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო პრობლემა. იგი უკრაინისთვის ზოგადსახელმწიფოებრივი, ზოგადპოლიტიკური, ზოგადსაზოგადოებრივი და ზოგადეროვნული საკითხია. ერთიანი ეკლესია კიდევ უფრო გააერთიანებს უკრაინელებს და დამოუკიდებელი უკრაინის საზოგადოებას.

2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდგომ, ასევე, დონბასში მიმდინარე რუსული სეპარატისტული ომის ვითარებაში, ნათლად გამოჩნდა უკრაინელი ერის და უკრაინის საერო ხელისუფლების წინაშე უკრაინის ერთიანი, კანონიკური ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭიროება. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ხელს შეუწყობს მოსკოვის ოკუპაციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლდებას.

რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიური მანქანისთვის ეკლესია არის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი, გაზთან და ნავთოპროდუქტებთან ერთად. მათ იციან რომ შედეგად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, ფაქტობრივად, განახევრდება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იქნება სიდიდით მეორე მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში.რუსეთის ეკლესია გავლენას და დიდ ბიზნესს კარგავს უკრაინაში. რუსეთის სახელმწიფო კი კარგავს დიდ ინფრასტრუქტურას.

დაუჭერს თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია? ეს ჯერ ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს თუ არა, ამას გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ამასთანავე, საქართველოს ეკლესია გარკვეული თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში აღმოჩდა.ზოგიერთს მიაჩნია, რომ აღიარების შემთხვევაში იგი დაკარგავს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, როგორც საქართველოს ეკლესიის საეკლესიო ტერიტორიებს? მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთის ეკლესია საპასუხოდ აღიარებს და მიანიჭებს ავტოკეფალიებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს? რამდენად გამართლებულია ამგვარი და სხვა რისკების მოლოდინები?

არსებობს მოსაზრებაც, რომ თუ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მსოფლიო საპატრიარქოს არ დაუჭერნ მხარს მსოფლიო საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას რიგითობის მიხედვით აფხაზეთის საეკლესიო პრობლემაც გადაჭრას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი მოსკოვის საპატრიარქო შეეცდება გადაჭრას აფხაზეთის საეკლესიო საკითხი. ვერ გეტყვით, ეს სიტუაცია როგორი იქნება გადაწყვეტილება. მაგრამ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაშიც შეიძლება დროებით დავკარგოთ აფხაზეთი, როგორც საქართველოს ეკლესიის საეკლესიო ტერიტორია. ძველი ფორმულაც მუშაობს – „ვისი ჯარიც დგას, ეკლესიაც მისია“. ვფიქრობ, შესაძლებელია მიმდინარე ეტაპზე მესამე, ანუ, რაღაც საშუალო მიდგომის დაფიქსირებაც.ასეთ შემთხვევაშიც, ფაქტობრივად საეკლესიო ტერიტორიას დროებით ვკარგავთ.

ვინც აფხაზეთში საეკლესიო თვალსაზრისით არსებულ წინააღმედეგობრივ ვითარებას მეტნაკლებად ფლობს, დამეთანხმება იმაში, რომ საეკლესიო სეპარატიზმი აფხაზეთში დიდი ხნის რეალობაა. იქ დღეს არც ერთი ქართველი ღვთისმსახური არ მოღვაწეობს.ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკლესია-მონასტრებსა და სხვა კულტურულ-ისტორიულ ძეგლებზე ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლის პროცესს ინტენსიური ხასიათი აქვს.1993 წლიდან, მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა ქართველი სამღვდელოება აფხაზეთიდან გამოდევნეს, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას უკანონოდ, დე ფაქტოდ მართავდა და მართავს მოსკოვის საპატრიარქო, ჯერ სტავროპოლის ეპარქიის საშუალებით, შემდგომ კი ახლად დაარსებული მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის რუსი ეპისკოპოსის მიერ რუსული ეკლესიის უმაღლეს იერარქიას კი რამდენიმე ათწლეულია დღემდე ამბიციურად აღელვებს სიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის მამათა მონასტრის ბედი, რომელსაც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ სიწმინდედ თვლის. აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს კი არც „ახალი ათონის“ დათმობა სურს, არც აფხაზეთის ე.წ. „ეკლესიურ დამოუკიდებლობაზე“ უარის თქმა როგორც მოსკოვის, ასევე თბილისისგან. იმ ახალ ხრიკსაც შეგახსენებთ, ე.წ.”აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიტოს” დელეგაციები ხშირად სტუმრობენ კონსტანტინოპოლს. დოროთე დბარმა და მისმა მომხრეებმა გამოაცხადეს „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლია“ კათედრით სწორედ ახალ ათონში და ავტოკეფალიის აღიარების თხოვნით მიმართეს კონსტანტინეპოლის პატრიარქს. ბართლომემ, რაოდენ უცნაური და უმართებულო არ უნდა იყოს, თვითმარქვია მიტროპოლიტი მიიღო კიდეც სტამბულში…

მოვლენების განვითარების ამ სცენარების და ვერსიების გათვალიწინებით, აჟიოტაჟი, რიტორიკა და ვაი-ექსპერტების მიერ საზოგადოების დეზორიენტირება ყოვლად უსაფუძვლო მგონია.

ყველა შემთხვევაში, ნეიტრალიტეტი თუ პოლიტიკური რევერანსები კრემლზე არანაირ ზეგავლენას არ ადრე ახდენდნენ და არც მომავალში მოახდენენ.

რუსეთს არა აქვს ავტოკეფალიის მინიჭების არანაირი უფლება!

აფხაზეთის ეკლესია არასდროს ყოფილა რუსეთის ეპარქია!

აფხაზეთის ეკლესია ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი!

იმის საფრთხე, რომ რუსეთის ეკლესია საეკლესიო თვალსაზრისით წაახალისებს სეპარატიზმს, ესეც საკმაოდ მიუღებელი და უსაფუძვლოდ ძლიერი არგუმენტია ვინაიდან, ცალსახად დადასტურებულია, რომ რუსეთის ეკლესია დღენიადაგ ცდილობდა სეპატარიზმის მხარდაჭერას საქართველოში. იგი დღესაც იმპერიის მსახური და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის აქტიური მონაწილეა და სეპარატისტული აფხაზეთის აღიარების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.თუკი რუსეთი მაინც ,,აღიარებს’’ აფხაზეთის ავტოკეფალიას? ეს იქნება კანონიკურად ზუსტად იგივე ,,ძალმოსილების’’ აქტი, რაც ნაურუსა და ვანუატუს შემთხვევაში აფხაზეთის სახელმწიფოს ცნობა იყო, ე.ი. ცალმხრივი და უკანონო ,,ავტოკეფალია.’მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის საზღვრებს 1990 წელს არსებული საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ცნობს, რაც აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონსაც მოიცავს. ამ საზღვრების მიმართ მხარდაჭერა მსოფლიო პატრიარქმა 2017 წელს საჯაროდაც გამოხატა. ერთადერთი ეკლესია, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის ტერორორიაზე საქართველოს ეკლესიის ღვთისმსახურებას უშლის ხელს, რუსეთის ეკლესიაა.კონსტანტინიპოლის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საქართველოს ეკლესიისათვის რაიმე პოზიციის დაფიქსირება არ მოუთხოვია.

მიმაჩნია, რომ უკრაინის გაერთიანებულ ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მხარდაჭერა პასუხობს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს.

ვულოცავ ჩემს უკრაინელ მეგობრებს დღევანდელ დღეს!

ზურაბ ერქვანია, პოლიტოლოგი

banner
წინა სტატიაში“ტამიფლუს” გამოყენება პროფილაქტიკის თვალსაზრისით კატეგორიულად მიუღებელია”
შემდეგი სტატიაილია II-ის საშობაო ეპისტოლე