ზურაბ ერქვანია: საკუთარ სამშობლოში მოლოდინით დაღდასმული დევნილობა…

ბოლო ხანებში სოციალური ქსელებში, მედიაში მკვეთრად იმატა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან გენოციდის მსხვერპლი დევნილების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველმა რეპლიკებმა და განცხადებებმა. მათი ავტორების ნაწილი ვერ ფარავს აშკარა გულგრილობას, უპატივცემლობას, ცინიზმს და აგრესიასაც კი. სიტყვა ,,დევნილმა,, სალანძღავი შინაარსიც კი შეიძინა. დევნილები ,,ლტოლვილებად,, (უცხო ქვეყნიდან ადგილნაცვალი) ინათლებიან და ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი ფრაზა ,,მეტი რაღა უნდათ,,…
იმატა დევნილთა სამართლიანმა საპროტესტო აქციებმა.
მიზეზი როგორც ჩანს, საერთო კრიზისული სოციალური ვითარებაა, ღარიბი სახელმწიფოს მიერ დევნილთა 30 წლის განმავლობაში არადევნილ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიუღწევლობის პროტესტი, სოციალური და უფლებრივი დაცულობის შეუძლებლობა, კორუფცია, საერთაშორისი დახმარების თანხების გაფლანგვა და დევნილთა სოციალურ–პოლიტიკური გარიყულობაა.
ბატონებო! ბევრი დღემდე ვერც კი გარკვეულა დევნილობა – სტატუსია თუ სასჯელი… დევნილობა სამართლებრივი სტატუსია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ფორმა და ძალა აქვს. დევნილობა ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. უზნეობა და დანაშაულია დევნილის, ადგილმონაცვლეობის სტატუსის კრიტიკა. დევნილის სტატუსი პირადი სტატუსია და იგი მემკვიდრეობით არ გადაიცემა. ამ სტატუსის მატერებელი პიროვნებების ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლით აღიარებული ფუნდამენტური უფლება საკუთარ მამა – პაპისეულ კარ-მიდამოში დაბრუნებაა!
დევნილობა ქართულ რეალობაში ლეგიტიმური სტატუსია, ტერმინს პოლოტიკური დატვირთვა აქვს! ეს იმ ადამიანრბის სტატუსია, ვინც პოლიტიკური ნიშნით დევნის სუბიექტებად უქცნენ. დაბრუნების ყოველდღიური სევდით, რწმენით და იმედით ცხოვრობენ. ძმათამკვლელმა ომებმა, ბედის უკუღმართობამ და სამშობლოს სიყვარულმა საკუთარ ქვეყანაში დევნილებს უმძიმესი ხვედრი არგუნა.
დევნილობა ამ ადამიანების არჩევანი არ არის! დევნილ ადამიანზე მეტად არავის არ უნდა დევნილი არ იყოს! ზოგიერთს ორჯერ და სამჯერ მოუწია დევნილობა (ასე, გაგრიდან გალში, გალიდან ახალგორში და ახალგორიდან ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში…). უფრო მეტიც, ,,მემკვიდრეობით დევნილები,, , ანუ, დევნილობაში დაბადებული მოზარდები თაკილობენ, ცდილობენ დამალონ მათი სტატუსი, ხოლო ხანდაზმულები იქ, პაპისეულ სასაფლაოზე დაკრძალვას ნატრობენ… დრომ ვერ გაანელა მათი ტრავმა, ტკივილი, ვერ აღადგენა მორალურ და ფსიქოლოგიური ზიანი, გნებავთ მატერიალურ ზარალიც. ამიტომ, არავის არ უნდა უკვირდეს მათი მწვავე და სამართლიანი საპროტესტო ემოცია…
სამწუხაროდ, აქტუალობა დაკარგა ლტოლვილთა და დევნილთა ლეგიტიმური უფლებების დაცვამ. ამ მისიით უფლებამოსილი სტრუქტურები შეეგუენ მდგომარეობას.
ხელისუფლება კონსტიტუციურად ვალდებულია აღადგინოს დევნილების მიმართ გულისხმიერი, მხარდამჭერი, შემწყალებრური, ტოლერანტული, თანამგრძნობის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც იყო უშუალოდ საომარი მოქმედებების და დევნილთა პირველი დიდი ტალღების დროს…
ყოვლად მიუღებელია დევნილების პრობლემატიკის პოლიტიზირება, სპეკულირება და გამოყენება ვიწრო პარტიული მიზნებისთვის. მით უფრო იმ მოღვაწეების მიერ, ვინც თავის დროზე თანამდებობებზე ყოფნისას არ/ვერ მოაგვარა ეს საკითხები.
ეჭვგარეშეა, დევნილთა სოციალური მხარდაჭერის სახელმწიფო პაკეტი გადაუდებელ რეფორმას საჭიროებს.
გადასახედია საარსებო კრიტერიუმები, შემწეობის სარეიტინგო ქულების მინიჭების სისტემა, ოჯახური მზრუველობის ანაზღაურების ოდენობა, ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი და სხვა… არ იმსახურებს ნდობას ყველაზე მწვავე – განსახლების პოლიტიკა და თავისუფალი არჩევანის უფლება. საჭიროა მათზე ბინის და მიწის ნაკვეთების გადაცემის პროცედურების კონტროლის მექანიზმების და საჯაროობის უზრუნველყოფის დამატებითი რეგულაციები.დევნილი სრულად უნდა იყოს დაცული დროებითი განსახლების ფართიდან გამოსახლებისაგან.დევნილების მიერ ფართის თვითნებურად, კანონის დარღვევით დაკავების გამო გამოსახლების კანონიერება ჩინოვნიკის დირექტივით კი არა, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით უნდა მოგვარდეს. გაუქმდეს ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს დევნილის სტატუსის მაძიებლის სტატუსის მინიჭებას. არანაირი სოციალური მხარდაჭერა არ გააჩნიათ იმ მრავალრიცხოვან ოჯახებს, ვინც თავისი ლუკმა–პური უწილადა და დღემდე შეიკედლა დევნილები.
სამწუხაროდ მეტად აქტუალურია, რომ დღემდე არ არის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი კანონით დარეგულირებული დევნილების და ლტოლვილების ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი უძრავი ქონების რესტიტუციის უფლება და მისი მემკვიდრეობით გადაცემის საკითხები….
იმედი უნდა ვიქონიოთ, საზოგადოება გააცნობიერებს, რომ საქართველოში მცხოვრები საკუთარ სამშობლოში იძულებით ადგილმოვცვლე 290 ათასზე მეტი დევნილის, 91 ათასზე მეტი დევნილის ოჯახის პრობლემატიკა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ–სოციალურ–ზნეობრივი გამოწვევაა და მისი მოგვარების აუცილებელი სახელისუფლებო ძალისხმევა გაიზრდება.
მივმართავ პრემიერს იმ იმედით, რომ მიიღებს სწრაფ გადაუდებელ გადაწყვეტილებებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ახალ პირობებთან თავსებადობის მიზნით.

ზურაბ ერქვანია

banner
წინა სტატიაშიბაიდენი: „არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს: თუ პუტინი ამ არჩევანს გააკეთებს, რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის“
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროკურატურას პასუხობს