ზურაბ ერქვანია: სადღეისო საპარლამენტო ,,ბრძოლა მამებსა და შვილებს შორის,, და მესამე ნაპირი

afxazeTi

afxazeTiთუ მე-19 საუკუნის ლიტერატურული ომი და პაექტრობა მამებსა და შვილებს შორის იდეურ-ლიტერატურული იყო, დღეს მამებსა და შვილებს შორის ბრძოლაში, ბაბუები, ბებიები და დედები ჩაერთვნენ და ბრძოლამ თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჰიბრიდული ბრძოლის პოლიტიკურ-სახელისუფლებო შეფერილობა მიიღო.

ვითარება პარლამენტში სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. კარს მომდარი საპარლამენტო არჩევნების გამო, ორივე პოლიტიკური თაობა სისტემური კრიზისის სიახლოვეს და პოლიტიკური აფსაიტის, ანუ თამაშგარე მდგომარეობის რეალურ საფრთხეს გრძნობს.

,,გოგლი-მოგლი ნაჭამი,, უწვერულვაშო ყმაწვილი ლიბერალები წინასაბრძოლო და წინასაარჩევნო მოსამზადებელ წვთნას გადიან. მრავალპარტია მოვლილი და ყველა ხელისუფლებას მორგებული ,,ხალხის უცვლელი მსახურები,, , მმართველი ე.წ. კოალიციის მშობელი პოლიტ-ვეტერანები, ახლო წარსულის დამარცხებულ-გაკოტრებული კოჰაბიტირებულ-რევანშისტული ჯგუფები საკუთარი პოლიტიკური დედა-გუნდების მიერ დაშვებული შეცდომების საკუთარი ანალიზით ტკბებიან და ამით თავსაც გვაწონებენ. სამწუხაროდ, დღესაც საზოგადოებას თითქმის ყოველდღიურად მოძღვრავენ ადამიანები, რომლებსაც თავიანთი ცნობილი წარსულის გამო, ამის არარნაირი ზნეობრივ-მორალური უფლება არა აქვთ…

პოლიტოლოგიაში აღიარებულია, რომ პოლიტიკურ-იდეური ბრძოლის საგანი უნდა იყოს სიღრმისეული პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემებისადმი პრინციპულად განსხვავებული დამოკიდებულება, მათი გადაწყვეტის კონცეპტუალური იდეურ-პოლიტიკური ხედვა და მისი შესრულების მზაობა-რესურსი. ხელისუფლებაში მოსვლა ამ მიზნების შესრულების მხოლოდ საშუალებაა და არა თვითმიზანი.

ჩვენი პოლიტიკური სისტემის შემთხვევაში კი სურათი სრულიად განსხვავებულია. პრაქტიკულად, სახეზეა პოლიტიკური საპარლამენტო პარტიების ამოცანების, მიზნების და მათი მიღწევის გზების თანხვედრა. საპარლამენტო პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მოთამაშე სუბიექტების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში დარჩენა/დაბრუნებისთვის იბრძვის… ასეთ პირობებში ხელისუფლებისთვის ბრძოლა ყველა პოზიცია-ოპოზიციური პოლტიკური წარმომადგენლობის უმთავრესი სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმიზანია. მათი ყოველდღიური დებატების მთავარი მოტივაცია მისი აღმატებულება პოლიტიკური სავარძელია.

ქუთაის-თბილისის მოძრავ საპარლამენტო ტრიბუნიდან კრიტიკის სამიზნეების ბოლოდროინდელი სამეული კვლავ უცვლელია: პუტინის რუსეთი, მ.სააკაშვილი და ბ.ივანიშვილი. მივიწყებას მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების და ლოზუნგების შეუსრულებლობა მხოლოდ მათ, პარტიების ერთპიროვნულ ლიდერებს ბრალდება. სხვები ანგელოზები იყვნენ და არიან. არცერთი დეპუტატი არ საუბრობს საკუთარი შეცდომების აღიარებაზე თუ პირად უმოქმედობაზე, მით უფრო, საკუთარ პასუხისმგებლობაზე. საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს, ყველამ ყველაფერი იცის, ყველამ იცის რომელი პარლამენტარი როგორ მოხვდა პარლამენტში, ვისი ხელდასმულია და რისი მაქნისია….

….სამწუხაროდ, მესამე ნაპირი ჯერ არ ჩანს და ეს ჩვენი ბედისწერაა. …ჯერ არ ჩანს მესამე, პროგრესული, კომპეტენტური, ინტელექტუალური, ეროვნული, ზნეობრივი და ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც აღიარებს, რომ დღევანდელი საქართველოს მთავარი საზრუნავ/საფიქრალი ლობირებული ეკონომიკა, ულტრალიბერალიზმი, ტურიზმი თუ ევროინტეგრაცია კი არ არის, არამედ უპირველესად, ეროვნული სულიერ-ზნეობრივ-ფსიქოლოგიური კრიზისის დაძლევაა. ძალა, რომელიც გააცნობიერებს, რომ საქართველო მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, როდესაც ერი და საზოგადოება ღირსებას დაიბრუნებს. პოლიტიკური ძალა, რომელიც დაუბრუნებს ქვეყანას ღირსებას. მხოლოდ შელახული და მიძინებული ეროვნული ღირსების აღდგენა გაამთლიანებს და გადაარჩენს საქართველოს.

ზურაბ ერქვანია, პოლიტოლოგი

banner
წინა სტატიაშიპირველი ოქტომბრის მონაწილე არ ყოფილა არც ერთი ის ადამიანი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ სახე და ლიდერია
შემდეგი სტატიამაიკლ ჯექსონს ორმა მამაკაცმა სექსუალურ დანაშაულში დასდო ბრალი