ზურაბ ერქვანია: ამბოხი აფხაზეთში

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში

afxazeTiარ ვეთანხმები იმ ქართველ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს და ვაი-ექსპერტებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ხალხმრავალი ბუნტის, ადმინისტრაციის შენობის შტურმის და ბლოკირების შეფასებისას მიიჩნევენ, რომ ჩვენთვის საყურადღებო, საინტერესო და მნიშვნელოვანი იქ არაფერი არ ხდება, შიდაპოლიტიკური კლანური კონფრონტაციაა, თავიც უტეხიათ, იცვლება მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტი და სეპარატისტული პოლიტიკის პრორუსული ვექტორი უცვლელია…

გაკვირვებას იწვევს მათი ერთად-ერთი გზავნილიც – მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების საჭიროება და მხოლოდ, იქ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე წუხილის ზეპირი პოზიციონირება… არ მინდა ვიფიქრო, რომ ასეთი ,,ანალიზის,, სუბიექტები აფხაზეთში ვითარებას ვერ/არ ფლობენ, ვერ ხედავენ არსებით სხვაობას წინა წლების საპროესტო აქციებსა და იანვრის მოვლენებს შორის, ან მხოლოდ იმას ახმოვანებენ, რაც თავად თანანდებობრივად აწყობთ ან რაც დაავალეს…

რეალურად, აფხაზეთში წლების მანძილზე გაღრმავებული სისტემური სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის ახალი, ფეთქებადი ფაზაა. სამოქალაქო საზოგადოება ვერ ეგუება იმას, რომ თვითგამოცხადებული აფხაზეთის კვაზი-სახელმწიფო ვერ შედგა, განვითარების ნანატრი პერსპექტივა ბუნდოვანი და მიუღწეველია. მოსახლეობა თვითგადარჩენისთვის კარდინალურ ცვლილებებს ითხოვს. მერწმუნეთ, მზარდი უკმაყოფილების მიზეზი გასული წლის შემოდგომის გაყალბებული ე.წ. საარჩვნო კომპანია არ არის. ეს მხოლოდ სიტუაციური საბაბია. დრო დაადასტურებს, რომ ,,აფხაზური მაიდანის,, მთავარი მიზეზი მზარდი სისტემური კრიზისი, უიმედობა და სასოწარქვეთაა.

მიმაჩნია, რომ ვითარების დაძაბულობის სადღეისო ესკალაციის ძირითადი მახასიათებლები შემდეგია:

• რუსეთის მიერ შეპირებული და გაპიარებული ფინანსური ინვესტიციების მინიმიზირება, რომელიც მზარდი უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობას არ იძლევა;

• კლასიკური კლანურ-მაფიოზური მმართველობა;

• კორუფციის შემდგომი ზრდა ყველა სფეროში და მმართველობის ყველა დონეზე;

• საკუთარი ეკონომიკის დარგების და სოციალური ინფრასტრუქტურის არ არსებობა, მასობრივი უმუშევრობა და თუნდაც სეზონური საზაფხულო ტურიზმით შემოსავლების მიღების შეუძლებლობა;

• დემოგრაფიული კატასტროფის რეალური საფრთხე;

• აფხაზეთის სრული მილიტარიზაციის, რუსეთის მიერ სამხედრო და სასაზღვრო ნაწილების შემგომი გაძლიერება-გადაიარაღების ,,დამოუკიდებლობის,, და ,,თვითიდენტურობის,, დაცვის გარატიაზე გაცვლის სიკეთის ილუზორული მოლოდინი;

• რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ აფხაზეთში მიწის, საკურორტო უძრავ-მოძრავი ქონების დანაშაულებრივი შესყიდვა-მითვისება;

• უკმაყოფილება აფხაზეთში თურქეთის გააქტიურებით და მისი გავლენის ზრდით;

• აფხაზთა სულ უფრო მზარდი უკმაყოფილება სომხური დიასპორის რაოდენობრივი ზრდით, მათ მიერ პოლიტიკური ამბიციების ინიცირება და ძირითადი ეკონომიკური ბერკეტების დაუფლება;

• უკიდურესად კრიტიკული სამართალდამცავი კრიმინალური ვითარება;

• მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად ფსოუს გამშვებ პუნტზე მიმოსვლის რეჟიმის შეზღუდვა;

• აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლობების და საკადრო კორპუსის გულგრილობა და თვითნებობა;

• ვენესუელის, სირიის, ნიკარაგუას, ნაურუს და ტუვალუს გარდა, სხვა სახელმწიფიების მიერ ფორმალურ-იძულებითი არაღიარება და მათგან რაიმე სახის დახმარების მიუღებლობა;

• სოციალურ-ყოფითი დაძაბულობის ზრდა. აფხაზეთის თუნდაც 500 რუბლიანი პენსიების მიუღებლობა, სიკვდილიანობის ზრდა, შობადობის შემცირება, ნარკომანიის აღზევება და ჯანდაცვის სისტემის სრული მოშლა;

• ახალგაზრდობის მასობრივი სტიქიური განდინება რუსეთში, საზღვარგარეთ გამგზავრების შეზღუდვა და ბლოკადა;

• კრემლის მიერ რუსეთის არასამთავრობო სექტორის ჰუმანიტასრული პროგრამების ბლოკირება;

• ….

კრიზისის თითოეული შემადგენელის არგუმენტაცია არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. მხოლოდ ერთი ფაქტი: 2019 წლამდე რუსეთის მარტო ბიუჯეტის დახმარებამ 5,8 მილიარდი რუბლი შეადგინა, რაც სოხუმის ,,ბიუჯეტის,, ნახევარზე მეტია… 2019 წელს დახმარება 1,7 მილიარდი რუბლით განისაზღვრა. გარდა ამისა, საბიუჯეტო ხელფასებზე და პენსიებზე ერთი მილიარდი რუბლი გამოყო. 500 მილიონი რუბლი კი საბანკო სფეროს დასახმარებლად. წინა წლების მსგავსად, ამ ,,ინვესტიციის,, ძირითადი ნაწილი ჩინოვნიკების ჯიბეებში დაილექა და ეს მოსკოვმაც კარგად იცის… ამის შესახებ რუსეთის დუმაში ბიუჯეტის განხილვის დროსაც მკაცრად ითქვა და მორიგ დახმარებაზე ოპოზიციის ცალსახა პროტესტიც დაფიქსირდა.

ეჭვგარეშეა, მოსკოვი შეეცდება შექმნილი კრიზისი ისევ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა და კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე.

სწორედ ამ ამოცანას ემსახურება რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, უშიშროების არმიის გენერლის, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდოს, ახმატ კადიროვის ორდენის კავალერის, რაშიდ ნურგალიევის და ძალოვანი მაღალჩინოსნების საგანგებო დესანტირება სოხუმში. რუსულ-აფხაზური ურთიერთობების თემა შიდააფხაზური პროტესტის სიბრტყიდან მოსკოვისა და სოხუმის პოლიტიკოსებს შორის ღია პოლემიკის დონეზე გადის. როგორც შემატყობინეს, პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსკოვსა და სოხუმს შორის დებატები ახლა უკვე ოფიციალური პირების ღია კამათშიც კი გადაიზარდა. რუსეთს ნაკლებად აღელვებს ე.წ. პრეზიდენტების ბედი. ყველა კანდიდატს (ხაჯინბა, კვიცინია, ბჟანია, არშაბა…) ხომ თავისი მხარდამჭერი მოსკოვური კლანი პატრონობს.

კრემლი ამ ეტაპზე სოხუმში გენერალ ლებედის ტიპის მმართველად გენერალ-გუბერნატორს ვერ დასვამს, მაგრამ იურიდიული და ფაქტობრივი კონტროლის ახალ მკაცრ სისტემას შექმნის და ახალი ზეწოლის მექანიზმებს აამოქმედებს.

მოსკოვს, სხვა ოკუპირებულ რეგიონებში დომინოს პრინციპის ამოქმედების შიშიც იპყრობს და შესატყვის ზომებს მათ მიმართაც მიიღებს.

ფაქტია, რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ეტაპობრივად უარესდება. აფხაზეთის აქტიური სამოქალაქო სექტორისათვის დღეს უკვე მიუღებელია რუსეთის მიმართ ზედმეტად დამთმობი აფხაზი ლიდერი. ისიც ლოგიკურია, რომ დღეიდან რუსეთი სოხუმის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელ სიმშვიდეს ადვილად ვერ შეიტანს. სახეზეა საზოგადოების მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია. სულ უფრო მძლავრობს იმის განცდა, რომ უბედურების სათავე რუსეთის პოლიტიკაა, მაგრამ საჯაროდ ამას ჯერ არ აცხადებენ და ე.წ. ,,პრეზიდენტს,, და ,,მთავრობას,, უპირისპირდებიან… ემოციური პროტესტის რისხვა მათზე გადააქვთ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე იანვრის მოვლენები აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური პროცესების კატალიზატორი გახდა, რაც ქართულმა პოლიტიკუმმა ცივი გონებით, სისტემურად, ახლებურად უნდა გაიაზროს და პრაგმატულად გაითვალისწინოს. დროა, ახალი ობიექტური რეალიების გათვალისწინებით გადაიხედოს აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის კონცეფტუალური საგზაო რუკები,

იმედი მაქვს, საქართველოს პარლამენტი აფხაზეთში ვითარების შესატყვის ხედვას და შეფასებას გამოხატავს.

ზურაბ ერქვანია

banner
წინა სტატიაშიკოსტავას ქუჩაზე მაღაზია „აისაფორთი“ გაქურდეს
შემდეგი სტატიამეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის