“ე.წ. განათლების რეფორმა საქართველოს მთლიანად ხსნის ევროპული განათლების სივრციდან და მომავალს უსპობს ქვეყანას”, – ამ შინაარსის წერილით ეხმაურება სოციალურ ქსელში თსუ-ის პროფესორი, ზურაბ დავითაშვილი, განათლების მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყებამ თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება გადაწყვიტა.
დავითაშვილისთვის მძიმე აღმოჩნდა ასევე, ის ფაქტი, რომ სტუდენტები ამასთან დაკავშირებით სრულად ინდიფერენტულები არიან.
“დიდი ხანია არაფერი დამიდია ფეისბუკზე. ძნელია, კომენტარები აკეთო, როცა ერთმანეთზე უარესი ამბები ხდება ქვეყანაში და ხალხი ამას გულგრილად ხვდება. განსაკუთრებით მძიმე იყო სტუდენტების სრული ინდიფერენტულობა ე.წ. განათლების რეფორმის მიმართ, რომელიც საქართველოს მთლიანად ხსნის ევროპული განათლების სივრციდან და მომავალს უსპობს ქვეყანას. ამაზე უარესი რაღა შეიძლება მომხდარიყო და აი ესეც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება ისეთი წარმოუდგენელი აბსურდია, რომელიც საღი აზრის ნატამალსაც არ შეიცავს. რა მონსტრსაც მივიღებთ და რა შედეგებით, მალე გამოჩნდება. საინტერესოა, ამასაც ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ სტუდენტები?”, – წერს თსუ-ს პროფესორი ზურაბ დავითაშვილი.
ცნობისთვის, დღეს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.















