ზურაბ ჭიაბერაშვილი : ზურაბიშვილმა დაადასტურა, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან ოცნების სპიკერები

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს ეხმაურება. მან ქართული ოცნების დეპუტატების საწინააღმდეგოდ, თქვა, რომ გუნდის წევრებმა იცოდნენ, რომ ის ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გეგმავდა.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნების სპიკერები, უბრალოდ, “მატყუარები არიან” და მათი ტყუილი არაერთხელ გამოჩენილა თუნდაც განვილი თვეების განმავლობაში.

“უბრალოდ, ახლა ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ იმას, რას იტყვის ქართული ოცნების რომელიმე სპიკერი რომელიმე დღეს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – თქვა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რომელიც მან იძულებით მიიღო იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რასაც მას უყენებს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები.

“რა თქმა უნდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზუსტად ასევე, როგორც გათავისუფლდა უგულავა და ოქრუაშვილი, გათავისუფლდება რურუაც და ეს იქნება იმ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რასაც იჩენს ქართული საზოგადოება და მისი მოკავშირე საერთაშორისო პარტნიორები”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

დეპუტატის შეფასებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქართული საზოგადოებისა და ქართველი ხალხის საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივმა ძალისხმევამ აიძულა და იცოდა, თუ არა ამის შესახებ, მაგალითად, არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ, თუ გია ვოლსკიმ, ეს მეათეხარისხოვანია.

“ისინი უბრალოდ არიან ქართული ოცნების სპიკერები, რომ დღეს ერთი თქვან, ხვალ მეორე და ზურაბიშვილის განცხადებამ ცხადი გახადა მათი არამარტო ტყუილი, არამედ ცხადი გახადა, რომ ისინი არც არაფერს წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – თქვა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეს არის დამღა პირადად ივანიშვილის და ქვეყნის ზურგზე-გოცირიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე
შემდეგი სტატიამსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა