ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიიდან მიდის

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიიდან მიდის. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა თავის ბლოგზე დაწერა.

ბლოგში ჭიაბერაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზეც საუბრობს.

“არც იმაზე ვიდავებ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც იმაზე – მიიღო თუ არა ეს შედეგები საზოგადოებამ. ფაქტია, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას გაფორმებულ ავტოკრატიაში, რომელსაც რესპუბლიკანიზმის (ხელისუფლების დანაწილება, ხელისუფლების ანგარიშველდებულება, კანონის უზენაესობა) აღარანაირი ნიშანწყალი რჩება.

თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამ მძიმე რეალობის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ეს უნდა გაიგოს ყველამ: მოქალაქემ, მეწარმემ, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჩვენმა საგარეო პარტნიორმა. ყველამ.

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჯერ კიდევ არსებობს ილუზია, რომ „ვბორძიკობთ, მაგრამ ვბორძიკობთ სწორი მიმართულებით“. სინამდვილეში, თვალს ვადევნებთ ჩვენი ისედაც სუსტი სახელმწიფოებრივი ჩანასახის თანდათანობით და მეთოდურ კვდომას”, – წერს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ პირველადი მოხმარებით შემოიფარგლება და წნეხი ეროვნული ვალუტის მიმართ მას შემდეგ გაიზრდება, რაც ეკონომიკა გაიხსნება. “ხდება საქართველოს „მოლდოვიზაცია“ ან „ტაჯიკეთიზაცია“ – როდესაც ქვეყანაში რჩება პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ბიუროკრატია, ხოლო ყველაზე პროდუქტული ნაწილი გადის გარეთ და მათ მიერ გადმორიცხული ფული არის ერთადერთი საშუალება – კიდევ გავიმეორებ, მთავრობის მიერ აღებულ ვალებთან ერთად – უბრალოდ, ისუნთქოს ამ ქვეყანამ. კი არ განვითარდეს, იარსებოს.”

ჭიაბერაშვილის თქმით, ცვლილებების და გარღვევის მოსახდენად აუცილებელია “ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება.”

“ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობას სთხოვს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი: ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ