ზურაბ ჭიაბერაშვილი : “ოცნება” საავადმყოფოების გლობალურ ბიუჯეტზე გადაყვანას გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით,“ოცნება” საავადმყოფოების გლობალურ ბიუჯეტზე გადაყვანას გეგმავს რაც საბჭოთა სოციალისტური მიდგომაა.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ მისდაუნებურად ივანიშვილის მთავრობის “ახალი” სოციალისტური სიურპრიზი გათქვა. “ოცნება” საავადმყოფოების გლობალურ ბიუჯეტზე გადაყვანას გეგმავს ანუ საავადმყოფოს განესაზღვრება წლიური ბიუჯეტი და მორჩა!
მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს რეალობაში ეს ძველი, საბჭოთა სოციალისტური მიდგომა:
1. საავადმყოფო შეეცდება, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიიღოს მხოლოდ იმდენი პაციენტი, რაც წინა წელს ან წლებში (რის მიხედვითაც მოხდა გლობალური ბიუჯეტის დათვლა), რადგან ყოველი დამატებითი პაციენტი საავადმყოფოსთვის დამატებითი ხარჯია, სახელმწიფოსგან მისაღები ანაზღაურება კი – ფიქსირებული;
2. შესაბამისად, იკარგება საავადმყოფოების მოტივაცია, გაფართოვდნენ, უკეთესად აღიჭურვონ აპარატურით, იზრუნონ მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. რატომ? ეს ყველაფერი დამატებითი ხარჯია, შემოსავლის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსგან მომდინარე ნაწილი კი, ვიმეორებ – ფიქსირებული;
3. მკურნალობის ხარჯი ყოველწლიურად ზრდადია. შესაბამისად, საავადმყოფომ ან მკურნალობის ხარისხის გაუარესებით უნდა დაზოგოს ხარჯი, ან ფასები მოუმატოს იმ სეგმენტებში, რომლებსაც სახელმწიფო არ ფარავს. გამოდის, რომ ასეთ სისტემაში პაციენტი ან მკურნალობის ხარისხით აგებს, ან ჯიბით;
4. გლობალური ბიუჯეტით იმართებოდა სახელმწიფოს ხელთ არსებული სახელმწიფოები. ახლა ივანიშვილის მთავრობა კერძო საავადმყოფოების მეპატრონეებს ეუბნება, რომ მათ ინვესტიცია ტყუილად განახორციელეს, რადგან სახელმწიფო, ფაქტობრივად, მათ შემოსავალზე სრულ კონტროლს აწესებს. გაგრძელდება იგივე, რასაც ვუყურებთ ბოლო 4 წლის განმავლობაში: ჯანდაცვის სფერო დარჩება კერძო ინვესტიციების გარეშე. ეს კი კვლავ და კვლავ ნიშნავს მკურნალობის ხარისხში ჩამორცენას და დეგრადაციას;
5. არა მხოლოდ მკურნალობის ხარისხი გაუარესდება მკვეთრად, არამედ ახალი პრობლემა: პაციენტმა უნდა “იჩალიჩოს”, რომ საავადმყოფოში დაწვეს. რაც უფრო “ხარჯიანი” იქნება პაციენტი (ანუ რაც უფრო ძვირადღირებული მკურნალობა იქნება საჭირო), მით უფრო გაძნელდება საავადმყოფოს პოვნა, რომელიც თანახმა იქნება ეს ხარჯი გაწიოს, ვიმეორებ, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსგან მისაღები წლიური ჯამური ანაზღაურება ფიქსირებულია.
იმას, რომ დავით სერგეენკომ ვერაფერი მოუხერხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველწლიურად 80-90 მლნ ლარით გარღვევას, ივანიშვილის მთავრობა კიდევ უფრო სოციალისტური მიდგომით პასუხობს. დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სფროში მოღვაწე ადამიანებს ესმით, რამხელა საფრთხის შემცველია სისტემისათვის ეს მიდგომა, რომელსაც განხორციელება არ უწერია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 8 ოქტომბერს ქართველი ამომრჩეველი ასეთ უკუსვლას “არა”-ს ეტყვის.“

banner
წინა სტატიაშიობამამ კანონს, საუდის არაბეთზე სასამართლოში საჩივრის შეტანის თაობაზე ვეტო დაადო
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა ზუგდიდში – დაიტბორილი სოფლები და განადგურებული თხილის მოსავალი