ზურაბ ჭიაბერაშვილი – ლართან დაკავშირებით ტყემალაძის განცხადება ცინიკურია

ტყემალაძის განცხადება ლართან დაკავშირებით ცინიკურია, – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობის წევრ ზურაბ ტყემალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც “თაიმერს” “ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პრობლემის არსებობას არ აღიარებს, ამიტომ მდგომარეობის გამოსწორება ამ ვითარებაში შეუძლებელია.

“ტყემალაძის განცხადება ლართან დაკავშირებით ცინიკურია. ათი ათასობით მოქალაქეა შეწუხებული ლარის კურსის ვარდნით და ამ დროს მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა არ გვაქვს, ლარი არ გაუფასურებულა. რა თქმა უნდა, მისთვის, უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენელთათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ლარის კურსის მდგომარეობას, მაგრამ ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახს ეს პირდაპირ ურტყამს და ქვეყნის გაღარიბებას იწვევს.

ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ისინი პრობლემას არც აღიარებენ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ნატო-სგან თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმატს ელოდება
შემდეგი სტატია,,ევროპარლამენტის რეზოლუციაში არც ერთი შესწორება არაა, რომლის შეტანას ოპონენტები ცდილობდნენ”