ზურაბ ჭიაბერაშვილი : ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონიდან, გასულ თვეებში ერთი მილიონიც ვერ აითვისა

მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც პრაქტიკულად ქაღალდზე რჩება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა“, დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წელს მედიკამენტების პროგრამისთვის გამოყოფილი ერთი მილიონი ლარიც ვერ აითვისა.

„სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წლებში, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი, განვლილ 5-თვენახევარში პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ერთი მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, 2018 წელს ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 10 მლნ ლარიდან მოქალაქეებამდე მხოლოდ 1.7 მლნ ლარის მედიკამენტი მივიდა იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შარშან რვა8 მილიონი ლარის მედიკამენტი შეიძინა.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, პროგრამის ამოქმედებამდე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200 000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა.

„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60 პროცენტითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობა საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი შეფასებით, მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. დეპუტატის ინფორმაციით, 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ, ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ.

ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სწორი ადმინისტრირება უნდა მოხდეს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება რუსეთთან ქედის მოხრით არ საუბრობს – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაკალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება გადასცა ერთ ლარად – ხაბეიშვილი