ზურაბ ჭიაბერაშვილი : ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა , ყველას იპოვის

“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში – პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით. მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა – ყველას იპოვის.

„არათუ მიტინგები და დემონსტრაციები, არჩევნებიც რომ არ ყოფილიყო საერთოდ, დეკემბერში მაინც ის მოხდებოდა, რაც მოხდება. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს და მთავრობას არც არასოდეს ჰქონია ამ ეპიდემიის მართვის არაპოლიტიზებული, ხალხის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე გათვლილი გეგმა. “ოცნების” ყველაზე უსინდისო მომხრეებიც კი უკვე აღარ დაობენ პირველ პუნქტზე. დაობენ მხოლოდ ერთ რამეს: თუ იცით, რომ ისედაც მძიმე კვირები და თვეები გველის, რატომ არ გაჩერდებით სახლში. ვპასუხობ: იმიტომ, რომ ამ ხალხს აქვს შეგრძნება – ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა – ყველას იპოვის. იპოვის რაღაც ფორმით: კორონათი, სიღარიბით, კრიმინალით, დეპრესიით. “ოცნების” ყველაზე უსინდისო მომხრემაც იცის, რომ თუ დაინფიცირდება, დიდი რისკის ქვეშ დგას. და ამ რისკთან შედარებით მიტინგზე დგომა ყველა უკვე უმნიშვნელო რისკად გამოიყურება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საშინელი ეკონომიკური კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ ჯერ. არ არსებობს ეპიდემიის ადეკვატური მართვა ხალხისა და ხელისუფლების შეთანხმების გარეშე. მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არჩეულ ხელისუფლებას ექნებოდა ამ თანხმობის გამომხატველი მანდატი. ეს წაგვართვეს, ეს მოიპარეს. ამიტომ ყველაფერზე – გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში – პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით,“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი – „ქართულმა ოცნებამ” თქვა, 22:00 საათიდან კორონა იღვიძებს, სახლებში შედით და დაიძინეთო , ეს არის ივანიშვილის ახირება და არა კანონის აღსრულება
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს