ზურაბ ჭიაბერაშვილი: ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას ადასტურებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას ადასტურებს. ასე ეხმაურება ჭიარებაშვილი ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშს, რომელიც საქართველოს შესახებ გამოქვეყნდა.
“ევროპის წამების პრევენციის კომიტეტი ევროპაში წამების პრევენციის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული და მიუკერძოებელი ინსტიტუტია. კომიტეტის დასკვნაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, კომიტეტის მიერ 2014 წლის დეკემბერში საქართველოს ციხეებში განხორციელებული გეგმური მონიტორინგის დროს რამდენიმე საგანგაშო მიგნებაზეა საუბარი. ანგარიში საქართველოს მთავრობას ა.წ. ივლისში გადაეცა, თუმცა მთავრობამ ის არ გამოაქვეყნა.
კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის 56 მუხლში საუბარია საქართველოს ციხეებში “ორგანიზებული დანაშაულის ლიდერების – ე.წ. კანონიერი ქურდების და მაყურებლების მონაწილეობით არაფორმალური იერარქიების გაცოცხლებაზე” ანუ ქურდული სამყაროს მიერ ციხეებზე კონტროლის ხელახალ დამყარებაზე. ამავე მუხლის თანახმად, სწორედ ქურდული სამყაროს გავლენის დაბრუნებას უკავშირდება 2013 და 2014 წლებში რამდენიმე პატიმრის ძალადობრივი გარდაცვალება – მკვლელობა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის გავლენის აღდგენას შეუვალი ავტორიტეტის მქონე ევროპული ინსტიტუტი ადასტურებს.
“საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ციხეებზე ქურდული სამყაროს მიერ კონტროლის დამყარება ნიშნავს გაზრდილ დანაშაულს ციხის გარეთაც. აღნიშნული მიგნება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომლის ქურდულ სამყაროსთან კავშირები არაერთხელ, დოკუმენტურადაა დადასტურებული.
დოკუმენტის თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები – ისინი ჩვენი ღრმა რწმენით პოლიტიკურ პატიმრებს წარმოადგენენ – “თვეების და წლების განმავლობაში” იმყოფებიან იმგვარ პირობებში, რომლებიც “შეიძლება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად” (მუხლი 59). შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაპატიმრება და წინასწარ პატიმრობაში მოთავსება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
არსებული პრაქტიკით, გამოქვეყნებული ანგარიშიდან წაშლილია სახელები და გვარები, მაგრამ რამდენადაც მონიტორინგი მოიცავდა ნომერ მე-9 დაწესებულებას (ე.წ. მატროსოვის ციხეს), სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები არიან განთავსებულნი, გასაგებია, რომ საუბარია იმ ყოფილ თანამდებობის პირებზე, რომლებიც 2014 წლის დეკემბერში იმყოფებოდნენ ამ დაწესებულებაში”, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ “ამ დროისთვის ყველაზე მკაცრ პირობებში ივანიშვილის პირადი პატიმარი გიგი უგულავა იყო მოთავსებული, ჩვენი ინფორმაციით საუბარი სწორედ მასზეა”.
ჭიაბერაშვილი მთავრობას მოუწოდებს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნა გაითვალისწინოს და ციხეებში დღეს არსებული მდგომარეობა ფუნდამენტურად შეცვალოს.
“დასკვნა საკმარისი საფუძველია, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ევროპულ ღირებულებეთან შეუთავსებელი პოლიტიკური დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკის დასრულება მოხდეს”, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისატრანსპორტო საშუალებას, რომელიც რეგისტრაციას ვერ გაივლის 3 დღე გადააგილების საშუალება ექნება
შემდეგი სტატიაე.წ. შეწყალების კომისიის საქმეზე პროკურატურის მაღალჩინოსნები დაიკითხნენ