ზურაბ ბატიაშვილი – სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია

სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი, შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია – პრემიერის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო, – ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარემ უნდა დათმოს, რადგან საქართველოს აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა.

„სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია. თუმცა მეორე მხრივ, კარგია ის, რომ გამოჩნდა დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა საქართევლოს მიმართ და არა რომელიმე პარტიის ან ორგანიზაციის მიმართ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ალბათ ის, რომ სასამართლო დამოუკიდებლობის თემის წინ წამოწევა მოხდა, სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობა უნდა იყოს ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. რაც შეეხება პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილს – ამ მხრივაც იმედის მომცემია ის, რომ სწორედ შარლ მიშელის ვიზიტის დროს შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა, რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი არ მიატოვებს საქართველოს, იქნება ძალიან აქტიური, უშუალო მონაწილე და მედიატორი ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღწეული კომპრომისი, ორივე მხარემ უნდა დათმოს. უკვე გახდა ხელისუფლება იძულებული, რომ დათმობაზე წასულიყო. გვახსოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ იგი არ აპირებდა მოლაპარაკებებს და ახლა, თვითონ დაესწრო მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია, ამ ქვეყანას აღარ სჭირდება დესტაბილიზაცია და არეულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიდღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაგრძელდება
შემდეგი სტატიაშარლ მიშელმა საქართველო დატოვა