საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კანონპროექტში უკვე არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები აიკრძალება.
მისივე თქმით, კანონის გზით საკითხთან დაკავშირებით პროცესები დარეგულირდება.
„კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ ყველანაირი ამ ტიპის რეკლამა იკრძალება ქვეყანაში. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სოციალური ქსელებით და სხვადასხვა საშუალებით ქუჩებში, მეტროებში რეკლამები. არის სხვადასხვა შეთავაზება სუროგაციასთან, ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით. კანონით სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა გამოდის ინიციატივით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.