ზურაბ ალავიძე: გუდაური-კობის მონაკვეთზე, ხვალ დილიდან, შესაძლებელი იქნება ტრაილერებიც გავატაროთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ზურაბ ალავიძემ განაცხადა, მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ სატვირთო ავტომობილებისთვის არის შეზღუდული.

„ახლანდელი მდგომარეობით, გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია, ხვალ დილიდან კი შესაძლებელი იქნება ტრაილერებიც გავატაროთ. სინოპტიკოსებიც ნორმალურ ამინდს გვპირდებიან.

ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ვფიქრობთ, ხვალ დილიდან ეს პრობლემა მოგვარდება“,-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მლეთა-კობის მონაკვეთზე მოძრაობა ხვალიდან აღდგება.

„კობის მხრიდან იყო სამი სამარშრუტო და ექვსი მსუბუქი მანქანა გაჩერებული, ამ ადამიანების დაბინავება მოხდა საოჯახო სასტუმროებში და მათ ყურადღებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აქცევდა.

ამ დროისთვის გზა მსუბუქი ავტომობილებისთვის გახსნილია და მათ მოძრაობა განაგრძეს.

ძირითად საავტომობილო მაგისტრალებზე სხვა შეზღუდვები არ გვაქვს. ერთადერთი შეზღუდვა ტრაილერებისთვის არის კობი-გუდაურის მონაკვეთზე და ეს შეზღუდვაც სავარაუდოდ, ხვალ დილიდან მოიხსნება“,-აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: როდესაც ჩვენ ვსწავლობთ შემოწირულობას, ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას მათი შემოსავლების შესახებ
შემდეგი სტატიალევან კობერიძეს ლარიზაციის პროექტზე შენიშვნები აქვს