ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე თავის რუს კოლეგას ონლაინ ფორმატში “შეხვდა”. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.

განხილულ იქნა აღნიშნული ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

ამასთანავე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.

აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას”- ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიჭერის ჩამონგრევამ სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ ჩაშალა (video)
შემდეგი სტატიაპრემიერის სასარგებლო ინიციატივა – რატომ არის უბედურების სათავე ონლაინკაზინო