რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სავიზო რეჟიმისა და დიპლომატიური ურთუერთობების თაობაზე საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პასუხობს.
სერგეი ლავროვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ვითარებაში ეს ინიციატივა უცნაურად ჟღერს.
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც შესაძლებელია.
“ეს არ არის წინაპირობა. ეს თემა ვერანაირად ვერ დადგება დღის წესრიგში, კარგად იციან რუსმა კოლეგებმა თუ რატომ – ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, სანამ არ გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მანამდე ამ თემას ჩვენ ვერ განვიხილავთ. ვიზების გამარტივება და მოხსნა დიპლომატიური ურთიერთობების გარეშეც შესაძლებელია, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.