ზურაბ აბაშიძე : ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა

ტურისტებმა საქართველოში ყოფნისას უნდა გაითვალისწინონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ,- ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს განცხადებაზე.

„ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლისათვის გამონაკლისი ვერ გაკეთდება. ჩვენ ვეთანხმებით აღნიშნული განცხადების იმ ნაწილს, რომ საქართველოში მოგზაურობისას რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახის გართულებები ამ კუთხით“,- აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან.

„მთავრობის მიზანმიმართული მუშაობის შედეგად უცხოელი ტურისტებისთვის შექმნილია მართლაც კომფორტული, უსაფრთხო გარემო, ამას აღნიშნავენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე თავად უცხოელი ტურისტები“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურისტებს საქართველოში არსებული რისკების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების დაგეგმვისას აქტუალური რისკები გაითვალისწინონ.

ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” საუბრისას “როსტურიზმის” ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევამ განაცხადა.

“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა “როსტურიზმს”გაფრთხილებით რისკების შესახებ, რომლებთანაც დაკავშირებულია საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები და ურჩია ამ ინფორმაციის ტურისტული ბიზნესისა და ტურისტებისთვის მიწოდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ბოლო პერიოდში ამ ქვეყანაში ტურისტული ნაკადი გაიზარდა”, – განაცხადა სერგეევამ.

სერგეევმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია რუსეთის მოქალაქეების საკონსულო და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობები.

როგორც “რია ნოვოსტი” აღნიშნავს, საქართველოში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი” მოქმედებს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული უცხოელებისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს. 2015 წელს ამ კანონის საფუძველზე რუსეთის სამი მოქალაქე დააპატიმრეს, რამდენიმე კი დააჯარიმეს.

banner
წინა სტატიაშიფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი : საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში