ზურაბ აბაშიძე: თანამდებობები რომ გვდომოდა ოპოზიციაში არ წავიდოდით

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ზურა აბაშიძე აცხადებს, რომ პირადად მისთვის ”თავისუფალი დემოკრატების” შემდეგ მეორე არჩევანი ”ქართული ოცნება” იყო:
”როდესაც ”თავისუფალმა დემოკრატებმა” არჩევნები ვერ მოიგეს, ბუნებრივია, ჩემი არჩევანი ”ქართულ ოცნებაზე” კეთდება, რომელთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გამოვიარეთ – მათთან ერთად ვიყავით ხელისუფლებაში, ერთად ვიბრძოლეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და რა არის ამაში გაუგებარი და გაურკვეველი?!”, – განაცხადა აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატებისთვის” არავის უღალატია:

”არჩევნების შემდეგ პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, გენერალურმა მდივანმა და ამის შემდეგ მოჰყვა სხვა ლიდერების პარტიიდან გასვლა. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა არჩევნებში მარცხზე. არავის პარტიისთვის არ უღალატია, ეს არის სრული აბსურდი. გარდა ამისა, წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს თანამდებობებისთვის ვიბრძვით – მე და ჩემს მეგობრებს თანამდებობები რომ გვდომოდა, ჩვენ მაღალი თანამდებობები გვქონდა და ოპოზიციაში რომ არ წავსულიყავით, დღეს ამ თანამდებობებზე ვიქნებოდით. ჩვენ თანამდებობისთვის არასდროს გვიბრძოლია – ჩვენთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება იმისა, საქმე გვეკეთებინა”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, მიხეილ მაჭავარაიანი, არ არის საინტერესო საკითხი დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია