ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა

ზურაბ აბაშიძე განმარტებას აკეთებს

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღის ფორმატის შედეგებზე ისაუბრა .

მისი თქმით, მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად მოიშალა 2008 წლის ომისა და შემდეგ რუსეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად.

“საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი, დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა. ჩვენ გარკვეულწილად შევამცირეთ ეს საფრთხე და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდაპოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანა-სისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა – ეს არის რეალობა”, – აღნიშნა აბაშიძემ.

მისივე თქმით, რა შედეგი აქვს აბაშიძე-კარასინის დიალოგს, სჯობს ვკითხოთ გლეხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს კომპანიებს, ტურიზმის სექტორში ჩართულ ხალხს, ასევე, ფინანსისტებს, თუ რა თანხები შემოდის მილიონამდე რუსი ტურისტისგან.

“დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს, მათ ახლობლებს, ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა. ეს ხალხი ჩვენი ხალხია”, – განაცხადა აბაშიძემ.

პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით, რუსეთთან დიალოგი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატებისა.

“რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა წარმატებით გვევლო ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ზაფხულისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ისტორიული მიღწევებია. რუსეთთან დიალოგი ამ მიღწევების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუსტად ასე ხედავენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები”, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკარასინის ადგილზე, ასეთ განცხადებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი – აბაშიძე პრეზიდენტს პასუხობს