ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: „თქვენ არ გინდათ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ოპონენტების განცხადებები რეალობას აცდენილია და ცინიზმით არის სავსე.
„ერთი მხრივ ვისმენთ იმას, თუ როგორ განიცდიან ჩვენი ოპონენტები ამ რეზოლუციას, მეორე მხრივ გულში აშკარად იგრძნობა მათი ბედნიერება და სიხარული რეზოლუციასთან დაკავშირებით. მოდით, რეალურად შევხედოთ, საზოგადოება როგორ უყურებს ამას. იმ ნაწილს საზოგადოებისა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, შეიძლება ძალიანაც უხარიათ ამ რეზოლუციის შინაარსი, მაგრამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს რა თქმა უნდა არა ახარებს და პირიქით ნეგატიურად არის განწყობილი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ ასეთი რეზოლუცია იქნა მიღებული. ასეთი რეზოლუციები ხელს უწყობს და აღრმავებს იმ პოლარიზაციას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მან განაცხადა, რომ ოპოზიციას არ სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არც მშვიდობა უნდათ. ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოში მედია თავისუფალია და ამის დასტურია არაერთი კრიტიკული მედიასაშუალება.
„თქვენ არ გინდათ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არც მშვიდობა გინდათ. თქვენ გინდათ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალოს ნიკა გვარამია. აი ქალბატონები სხედხართ, გვარამია როგორც მოიხსენიებდა პრეზიდენტს და ქალს, როგორც წარმოგიდგენიათ ეს. რა მედია თავისუფლებაზე საუბრობთ თქვენ, მედია არ არის თავისუფალი საქართველოში? აბა რა არის თავისუფალი, ჩართეთ ტელევიზორი და უყურეთ,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით შანტაჟი უწოდა. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება და აღმშენებლობა გაგრძელდება და საქართველო ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოს წევრიც.

banner
წინა სტატიაშისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა
შემდეგი სტატიაქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ კეზერაშვილი კორუმპირებული კრიმინალია და არა “მედიის წარმომადგენელი”