ზურაბ აბაშიძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გრიგორი კარასინთან დღეს ხანგრძლივი საუბარი გვქონდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზებთან არსებულ ნეგატიურ მოვლენებსაც, – ამის შესახებ   რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა.

​რაც შეეხება მედიით გავრცელებულ გრიგორი კარასინის განცხადებას – „ჩემი მესიჯი არის იგივე – მიუხედავად სირთულეებისა, უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე, მინდა, გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები იმ შესაძლო მოულოდნელობების შესახებ, რაც უსიამოვნოა ორივე ქვეყნისთვის“, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ეს კომენტარი არ მოუსმენია.

„მე არ მომისმენია მისი ეს კომენტარი, ჩვენს შეხვედრაზე ასეთი რედაქციით მას განცხადება არ გაუკეთებია. მან ისაუბრა საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობაზე დაახლოებით იმავე კონტექსტში, რაც ადრე გაუკეთებია თითქმის ყველა ჩვენს შეხვედრაზე, გამონაკლისის გარეშე. მათი მიდგომა ჩვენთვის ნათელია. ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ცალკე თემაა და ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს. ამით ვასრულებთ ხოლმე საუბარს. თუმცა მათი პოზიცია ჩვენთვის ცნობილია და შესაძლოა, ეს ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ ასეთი ფორმითა და ასეთი ტონალობით მას ეს კომენტარი ჩვენთან შეხვედრის მსვლელობისას არ გაუკეთებია“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ პირველ არხთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა კარასინთან დღევანდელი შეხვედრის დასაწყისზე. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, პრაღაში შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, რომელიც ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე საუბარს დაეთმო, თუმცა მანამდე საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება განიხილეს.

„ჩვენ უმთავრესად აქცენტირება გავაკეთეთ იმ სავალალო ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რეგიონების მილიტარიზაცია, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების უხეში დარღვევები, უაღრესად ნეგატიური მოვლენები, რაც ბოლო ხანს მოხდა საოკუპაციო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული, არ ავუარეთ გვერდი ამ თემებს და გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზზე სულ უფრო რთულდება ადამიანების გადაადგილება, ცხინვალის რეგიონთან კიდევ უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით.

„ფაქტობრივად, იზოლაციაშია მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობა. ამ თემებზე ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჩემი რუსი კოლეგის რეაქცია, როგორც წესი, ასეთ კომენტარებსა და განცხადებებზე არის ის, რომ ამისათვის შექმნილია სპეციალურად ჟენევის ფორმატი და ამ თემის განხილვა იქ უნდა მოხდეს. ეს ასეა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

1tv.ge

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება
შემდეგი სტატიამეჰრიბან ალიევამ სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა