ზურაბ აბაშიძე: ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება

„ევროკავშირის წევრობის გზაზე საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად“, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, ევროკავშირის წევრობის კითხვარის განხილვაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს რათა ქართველმა ერმა თავის სანუკვარ მიზანს დაჩქარებული ტემპებით მიაღწიოს.
„ერთიანობა მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს კონსოლიდირებული და ჩასაფრებულის პოზიციას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, რაც ჩვენ წინა წლებში უკვე ვიხილეთ, როდესაც იყო სკეპტიციზმი ასოცირების ხელშეკრულებაზე, იყო სკეპტიციზმი ვიზალიბერალიზაციაზე მაგრამ დღეს ეს ყველაფერი რეალობაა. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრობის გზაზე გამარჯვება საქართველოს და უკრაინის მხარეს იქნება“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა.
„საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით არაერთხელ გამოხატა. უახლოეს მომავალში საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მეთაურობით, უკრაინაში მიემგზავრება, სადაც საომარი მდგომარეობის პირობებში უკვე ადგილზე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ.
საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან საქართველომ აქტიურად დაიწყო ზრუნვა უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებაზე. შედეგად, უკრაინის სახელმწიფო ფოსტის (Ukrposhta) მონაცემების თანახმად, საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. ამავე უწყების ცნობით, საქართველო დასახელდა იმ 14 ქვეყანას შორის, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ გაგზავნონ საფოსტო გზავნილები უკრაინის მიმართულებით“,- განაცხადა სხდომაზე ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, უკრაინის მოქალაქეები სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ბავშვთა გასართობი ცენტრებით, მუზეუმებით, თეატრებით, საცურაო აუზებით, სპორტული ინფრასტრუქტურით, სახელოვნებო სკოლების სერვისითა და ბაგა-ბაღების მომსახურებით. თბილისის მერიის ორგანიზებით ბელიაშვილის ქუჩაზე უზრუნველყოფილია ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტის გახსნაც, სადაც ნებისმიერ ადამიანს კომპანიასა, თუ ორგანიზაციას პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების ადგილზე მიტანით, შეუძლია ჩაერთოს ჰუმანიტარული დახმარების კამპანიაში.
„უკრაინელი მოქალაქეების საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათთვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თბილისის საკრებულოში შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც თბილისის საკრებულოსა და უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რაც გვაძლევს საშუალებას, თბილისში მყოფ უკრაინელებთან გვქონდეს მუდმივი კომუნიკაცია და აქტიურად გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიაუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება
შემდეგი სტატიაღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდაზე მუშაობს