ზურაბ აბაშიძე: დებატების ფორმატი არის აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავისი პოზიციები დააფიქსირონ

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

“თავისუფალი დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დებატების ფორმატში უნდა გაიმართოს.

როგორც ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ფრაქციებს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. აბაშიძის თქმით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას საქართველოს მთავრობის წევრებიც უნდა დაესწრონ.

“მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პირველ რიგში პრეზიდენტს მოვუსმინოთ. ეს არის წლიური ანგარიში, ქვეყანაში არსებულ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ძირითად მიმართულებებზე. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უნდა მოჰყვეს ფრაქციების გამოსვლები, რომლებიც საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ – ან დაეთანხმებიან პრეზიდენტის გამოსვლას, ან იტყვიან თავის საქმელს. თუმცა მიგვაჩნია, რომ დებატების ფორმატი არის აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა თავისი პოზიციები დააფიქსირონ. ასევე პრინციპულად მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას აუცილებლად დაესწრონ მთავრობის წარმომადგენლები, რადგან ინსტიტუტების პატივისცემა ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაღრმავდეს ქვეყანაში. ამ კუთხით დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

“თავისუფალი დემოკრატების” თქმით, საკითხები რაზეც ისინი პრეზიდენტთან კითხვებს დასვამენ საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება.

“ჩვენი მთავარი თემები იქნება ის, რა პრობლემებიც აწუხებთ მოქალაქეებს, ეს არის – უმუშევრობა, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები, საბანკო ვალები რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ახრჩობს და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, რომელიც დაიწყო, თუმცა უამრავი პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით. ასევე საარჩევნო სისტემა, რომელიც არის პრინციპული თემა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები გაღრმავდეს. ეს არის თემები, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე: მერიაში საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია
შემდეგი სტატია“ველოდები, რომ პრემიერი და პრეზიდენტი არჩევნების თარიღს, რაც შეიძლება მალე გადაწყვეტენ”