ზურაბ აბაშიძე აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა: აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია- კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე

აუდიოჩანაწერში სკანდალური არაფერია – კარასინმა აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

ზურაბ აბაშიძე „ინტერპრესნიუსთან“ „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

აბაშიძის თქმით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის „პრინციპული გადაწყვეტილება“ რუსეთის მხარემ დამოუკიდებლად მიიღო, გავრცელებულ „აუდიოჩანაწერში კი სკანდალური არაფერია“.

“გრიგორი კარასინთან რომ მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ამაში ახალი არაფერია. ამისთვის შეიქმნა 2012 წლიდან ე.წ. პრაღის ფორმატი, კერძოდ სატრანსპორტო, სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად. წელიწადი და 8 თვეა რაც მასთან ამ და სხვა თემებზე არ გვისაუბრია. სატელეფონო საუბარი, რომელიც ახლა გამოამზეურეს, შედგა გასული წლის მარტში.

მან აზრი მკითხა და მე დავუდასტურე, რომ ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დაწყება მიზანშეწონილი არ იყო. ეს სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენის პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთის მხარემ მოგვიანებით დამოუკიდებლად მიიღო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით.

ამ საუბრის შემდეგ გრიგორი კარასინთან ეს თემა აღარ განხილულა”,- აღნიშნა აბაშიძემ.

ცნობისთვის, „იუთუბზე“ „კიბერ კმარა“ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც მათი მტკიცებით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის 2022 წლის მარტში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარს ასახავს.

აუდიოჩანაწერის თანახმად, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძის მოსაზრებით ინტერესდება, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის, უნდა ვეცადოთ, არ ვატკინოთ გული ერთმანეთს და არ მივაყენოთ ერთმანეთს ასეთი შეურაცხყოფა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – საჭიროა, პარლამენტმა გამოაცხადოს თვითდაშლა, დაინიშნოს დროებითი ტექნიკური მთავრობა