ცნობილი ნარკოლოგი და პარტია „ფედერალისტების“ წევრი ზურა სიხარულიძე საზოგადოებაში ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გარშემო მიმდინარე დისკუსიას ეხმიანება. სიხარულიძის განცხადებით, მედიცინის მიზანი მხოლოდ „საბოლოო განკურნება“ არ არის და მათ, ვინც პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაზე ბიუჯეტის ხარჯვას აკრიტიკებს, ლოგიკით, დიაბეტის, ჰიპერტენზიისა და ასთმის მკურნალობაზეც უარი უნდა თქვან.
ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახელმწიფოსა და მედიცინის არსებობის მთავარი აზრი სწორედ ადამიანის ფუნქციონირების შენარჩუნება და სიკვდილის პრევენციაა:
„არ უმკურნალოთ დიაბეტს, ჰიპერტენზიას, აივ-ს, ასთმას, ნარკოდამოკიდებულებას… თუ ლოგიკა ასეთია — „მაინც ვერ განიკურნება სრულად და რატომ უნდა დაიხარჯოს ფული?“ — მაშინ რატომ არსებობს მედიცინა საერთოდ? რატომ არსებობს სახელმწიფო? რატომ ვიხდით გადასახადებს?
მედიცინის მიზანი მხოლოდ „საბოლოო განკურნება“ არ არის. მედიცინის მიზანია სიცოცხლის გადარჩენა, ტკივილის შემცირება, ადამიანის ფუნქციონირების დაბრუნება, ზედოზირების, ინსულტის, ინფარქტის, ინფექციების და სიკვდილის პრევენცია. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირი არცერთი მესიჯბოქსი არ არსებობს“, — წერს ზურა სიხარულიძე.















