ტელეკომპანია „პირველის“ მიერ პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეთა წამების უმძიმესი კადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც ეხმაურება. პოლიტიკოსი უკიდურესი სარკაზმით აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების მცდელობას, მომხდარი სისტემურ პრობლემად კი არა, წლების წინ ჩადენილ რიგით, იზოლირებულ შემთხვევად წარმოაჩინონ.
ჯაფარიძეს განცხადებაში მოჰყავს ბოლო პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა საზარელი ფაქტებიც, რომლებსაც უწყება ანალოგიურად „ერთეულ შემთხვევებად“ ნათლავდა.
“ეს ქობულეთში მოხდაო რამდენიმე წლის წინ, იმერეთიდან ჩასული სამი პოლიციელი სცემს დაკავებულებს, ერთეული შემთხვევააო. გორში რომ 10 მოზვერი სცემდა ერთ დაკავებულს, ერთეული შემთხვევააო. ძირს დაგდებულ ზვიად მაისაშვილს რომ სახეში ურტყეს წიხლები, ერთეული შემთხვევააო. როგავას რომ კინაღამ კისერი მოტეხა, ერთეული შემთხვევააო. ყველაფერი რაც კამერაზე ხვდება და ჟონავს, არის ერთეული შემთხვევები. ბევრი დაგროვდა უბრალოდ. თორემ ისე, არანაირი სისტემური ძალადობა. კამერებს მიღმა ანგელოზები მოძრაობენ ფორმებში. პოლიციელი გმირია”, – წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც სამართალდამცავები მოქალაქეებს სცემენ და აწამებენ, შსს-მ აღიარა ფაქტის ნამდვილობა. უწყების მტკიცებით, შემთხვევა 2022 წელს ქობულეთში მოხდა და მასში მონაწილე სამი პოლიციელი მიმდინარე წლის თებერვალშია დაკავებული. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები, იურისტები და პოლიტიკური წრეები მიიჩნევენ, რომ დანაშაული სისტემურ ხასიათს ატარებს, ხოლო ინფორმაციის გამოტანა უწყების შიგნით არსებულ სერიოზულ ბზარებზე მიუთითებს.














