ზუგდიდში ვლაქერნობას აღნიშნავენ

დღეს ვლაქერნობაა. დღესასწაული განსაკუთრებულად ზუგდიდში აღინიშნება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან გამოაბრძანეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული. ღვთისმშობლის კვართთან ერთად მომლოცველებს შესაძლებლობა ექნებათ წმინდა დიდმოწამე მარინეს მკლავთან, წმინდა მოწამე კვირიკეს ხელის მტევანთან, წმინდა გიორგისა და იოანე ნათლისმცემელის ძვლის ნაწილებთან მოილოცონ.
დღესვე თავისუფლების მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკა გაიხსნა, რომელიც სამღვდელო პირებმა აკურთხეს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლინა.

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას და მსვლელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მისი მოადგილეები, მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესასწაულს მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებიან. ღვთისმშობლის კვართი ტაძარში დღის ბოლომდე დარჩება და პილიგრიმებს მასთან მოლოცვის საშუალება მთელი დღის განმავლობაში ექნებათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაიოსელიანი გახელაძის გათავისუფლებაზე: მინდა ყველას მადლობა გადავუხადო