გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.
სოფელ ახალ აბასთუმანში არსებულ ტბორზე მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა კობრის სახეობის თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი.















