ზუგდიდში სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციის მაღალჩინოსანი დეტექტივად დანიშნეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსის ასევე ყოფილი მოადგილე ალეკო (კიკო) გაბელია ზუგდიდის პოლიციაში დეტექტივად დაინიშნა.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტოში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 19 აგვისტოს კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა სურმავა დააკავა. სურმავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი.

„დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით), სსკ-ს 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე) და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე)“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებად 10 წლის პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას სურმავას მოადგილე ალეკო (კიკო) გაბელიასთანაც ჰქონდა შეკითხვები. მაშინ მის მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდა და თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.

 

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი –ალიანსი აღიარებს, რომ რუსეთი თავის აგრესიულ საქციელს არ ცვლის
შემდეგი სტატია“სიძულვილის ჭიდილიდან ვერ გამოვიდა ქვეყანა” – “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” წარმომადგენლები პოლიტიკურ ექსპერტებს შეხვდნენ