ზუგდიდში “საჩუქრად გადაცემული” სახლის საფასურიდან აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ ჭოლარიებს 10.000 აშშ დოლარი გადაახდევინა

22 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა ამ წლის დასაწყისში გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვის დედ-მამას დიდი ამბით გადასცა სახლი, თუმცა, ამ დრომდე არავის უთქვამს, რომ სახლის საფასურიდან (45.000 აშშ დოლარი) 10.000 დოლარის ექვივალენტი ლარში ცოლ-ქმარ ჭოლარიებს, ანუ დაღუპული ბავშვების დედ-მამას გადაახდევინეს.
ინფორმაცია ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მას შემდეგ, რაც მან შესაბამისი სტატუსი დაწერა, დაღუპული ბავშვების მამის ბიძაშვილმა, ოჯახის უახლოესმა ნათესავმა მამუკა ძანძავამ ჟურნალისტს საჯარო კომენტარში დაუდასტურა, რომ ჭოლარიებმა მართლაც გადაიხადეს სახლის საფასურის ნაწილი.

ლაშა ბერულავა წერს: “ხანძრის დროს საბერიოში დაღუპული 5 დის გაუბედურებული დედ-მამისთვის ვითომ სახლის ჩუქებაში მონაწილე ყველა სამთავრობო სტრუქტურა, დაწყებული პრემიერმინისტრით და დასრულებული დეპუტატებით, ხართ ფარისევლები, გულისამრევები და მატყუარები, იმიტომ რომ სახლის საფასურის ნაწილი მშობლებს შვილების სასაფლაოს მოსაწყობად შეგროვილი თანხიდან დაადებინეთ!!!
დიახ! სახლი, რომელიც ვითომ საჩუქრად გადაეცით ჭოლარიების ოჯახს სოფელ კოკში, საჩუქარი არ არის და თანადაფინანსებითაა შეძენილი, საფასურის ნაწილი ოჯახს გადაახდევინეთ, რომლებმაც ეს თანხა საბერიოში ბავშვების სასაფლაოს კეთილმოწყობისთვის შეგროვილ თანხას მოაკლეს!
როცა არნახულ პრემიებს და დანამატებს გასცემთ მოძალადე პოლიციელებზე, როცა მიკროფონთან ერთხელ არმისული დეპუტატების ხელფასები სამჯერ და ოთხჯერ გაზარდეთ, როცა წყლის ჭავლის მანქანებისთვის და სპეცაღჭურვილობისთვის კოლოსალურ თანხას ხარჯავთ, ისიც კი ვერ მოახერხეთ, რომ ის 45.000 დოლარი, რაც ეს სახლი დაჯდა (თქვენივე მოძებნილი), ისე გეყიდათ, გაუბედურებულ დედ-მამას არაფერი ჰქონოდათ გადასახდელი 45-დან 10.000 დოლარი ჭოლარიებს დაადებინეთ!..”, – წერს ჟურნალისტი.

მოგვიანებით მან მის მიერვე მოპოვებული ინფორმაცია კიდევ უფრო განავრცო:
“საბერიოში ხანძრის დროს დაღუპული ანა-მარია, ემილია, ნია, ელენე და სოფია ჭოლარიების მშობლები საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, დააყაჩაღა!
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში შეძენილი ამ კერძო სახლის ფასი 45.000 აშშ დოლარია. ჩემს მიერ მოპოვებული უტყუარი ინფორმაციით, ამ 45.000 დოლარიდან ჭოლარიების ოჯახს 10.000 აშშ დოლარი გადაახდევინეს.
ამ 10.000 დოლარში არ შედის 25.000 ლარი, ანუ ის თანხა, რომლებიც ჭოლარიებს სახელმწიფო პროგრამით “სახლი სოფლად” უნდა მიეღოთ.
ანუ, ეს თანხა ჭოლარიებს პირადად არ გადაუხდიათ, სახელმწიფომ ჩამოაჭრა და სახლის საფასურის გადასახდელად გამოიყენა.
ანუ, ფაქტობრივად, ახალ სახლში გადახდილი თანხიდან ჭოლარიების კუთვნილი გამოდის “სოფლად სახლის” ფარგლებში მათი კუთვნილი 25.000 ლარი+10.000 დოლარი+1000 ლარი (გადაფორმების).
ამასთან, საეჭვო გარიგების სუნი ასდის დევნილთა სამინისტროს მიერ შერჩეულ სახლსაც, რომელიც “ლიბერთი ბანკში” იყო ჩადებული, მაგრამ ამაზე – ცალკე და სხვა დროს.
სხვათა შორის, ტრაგიკომიკური კიდევ რა არის, იცით?
სახლის საფასური ჯერ ბოლომდე არ არის დაფარული!!! და ეს მაშინ, როცა უკვე გაპიარდა ჩუქება და გაუბედურებულ ცოლ-ქმარს სახლი ოფიციალურად “გადასცეს” კიდეც…
ოჯახმა ეს ფული მოაკლო 6 გარდაცვლილი შვილის (ერთი ბავშვი ადრე დაეღუპათ) სასაფლაოს კეთილმოწყობისთვის შეგროვილ თანხას.
ოჯახის თანადაფინანსებით სახლის ყიდვა გაფორმდა “ჩუქებად”, “გადაცემად”, აფხაზეთის ავტ. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მგალობლიშვილი პირადად ჩავიდა კოკში, ხოლო გაუბედურებული დედ-მამა, რომლებსაც სთხოვეს, არაფერი ეთქვათ თანადაფინანსებაზე, იძულებული გახადეს, მისთვის ხელი ჩამოერთმიათ და მადლობა გადაეხადათ.
თავად მგალობლიშვილმა კი მადლობა, არც მეტი, არც ნაკლები, პრემიერ-მინიტრ კობახიძეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაუხადა!
ბავშვების სასაფლაოს კეთილმოწყობა დაწყებულია, მაგრამ მისი ბოლომდე მიყვანა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საფლავების მოწყობა (ზუგდიდიდან მარმარილოს ქვების გადაზიდვა, მომუშავე ჯგუფის ჰონორარი და სხვ.) უამრავ ხარჯთანაა დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო გაიზარდა ხელისუფლების გულისამრევი მოქმედების შედეგად”, – წერს ლაშა ბერულავა.
ინფორმაცია ჭოლარიების ოჯახის მხრიდან თანხის გადახდის შესახებ დაადასტურა რომელიც ყველა ფინანსური ხარჯის საქმის კურსშია:
“ამაზე საუბარი ღიად არ მინდოდა, მაგრამ სახლი საჩუქარი არ არის, ოჯახს 10.000 დოლარამდე თანხა ნამდვილად გაახდვინეს”, – განაცხადა დაღუპული ბავშვების მამის ბიძაშვილმა მამუკა ძანძავამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ჯერჯეროობით, კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპრორუსული ალტ-ინფოს პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა