ზუგდიდში ენმ-ს წევრებს და ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ

ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ მისდევს რამდენიმე ადამიანი ფოტოგრაფს და რამდენჯერმე ხელს ჰკრავს მას. ასევე, ისმის გინება ქართულად და მეგრულად.

“ოდიშის” ჟურნალისტი ამბობს, რომ დადიანების სასახლის ეზოში გადაცემის ჩაწერას აპირებდნენ, რომლის სტუმარი სანდრა რულოვსი იყო. ლევან თორიას ინფორმაციით, ამ დროს მათთან 4 ადამიანი მივიდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ თავდაპირველად თავს კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა ვაჩეიშვილს დაესხნენ, შემდეგ კი მას.

“სანამ დავიწყებდით გადაცემის ჩაწერას, მოვარდა 4 პროვოკატორი და დაიწყეს ყვირილი, გადმოვიდნენ შეურაცხყოფაზე. ძირითადად მაინც სიტყვიერი შეურაცხყოფები იყო, მაგრამ იყო შეხლა-შემოხლაც. პირველად მივიდნენ ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა პირველად, შემდეგ გადმოვიდნენ ჩემზე, მეც დამარტყეს და შესაბამისი პასუხიც მიიღეს. სახეზე არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცი, ხელისუფლების დავალებებს ასრულებენ და დიდი ხანია პროვოკაციებს აწყობენ, მაგრამ პოლიციის მხრიდან რეაგირება არ არის”, – ამბობს ჟურნალისტი.

ამასთან, ენმ-ის ინფორმაციით, ჟურნალისტის გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეხვედრაზე მყოფ პარტიის წარმომადგენლებს – ზაალ სამადაშვილს, ნიკა ვაჩეიშვილს, ასევე, ფოტოგრაფს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ოფისში არიან, სადაც გამოძახებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაში„რას ნიშნავს ყველანაირ მეთოდზე გადასვლა, რომ მივიღოთ ისევ ია კერზაია“ – სანდრა რულოვსი „ოცნების“ გეგმაზე და ფარულ ჩანაწერზე
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : მნიშვნელოვანია, არჩევნები წარიმართოს მშვიდ, სამართლიან გარემოში