ზუგდიდსა და გორში 30 ოქტომბრის არჩევნები ბოლო წლების კენჭისყრებთან შედარებით უფრო სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა

არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი”-ის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა დაფიქსირებული რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარღვევა და ფიზიკური დაპირისპირება სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს.

ამის შესახებ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც news.ge უცვლელად გთავაზობთ:

“არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში. არჩევნების დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარღვევა და ფიზიკური დაპირისპირება მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიკაცია, მათი მხრიდან დარღვევებზე რეაგირება და საკუთარი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება კვლავ პრობლემურია. 30 ოქტომბერს ჩატარებული მეორე ტური ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებთან, მათ შორის პირველი ტურის კენჭისყრასთან, შედარებით უფრო სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა.

2016 წლის 30 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ზუგდიდსა და გორში უმეტესად მშვიდად და მცირე ხარვეზებით დასრულდა, თუმცა ხაზი უნდა გაესვას გორში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს და ზუგდიდში დაფიქსირებულ ტენდენციას – ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ორივე მოვლენა უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე და აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ ჰქონდა ადგილი უფრო სერიოზულ სისტემურ პრობლემებს.

გვსურს გამოვყოთ რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია:

1. კომისიის წევრების წილისყრაში მონაწილეობაზე უარი

მსგავსად პირველი ტურისა, მეორე ტურზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანიშნული წევრები კვლავ უარს აცხადებდნენ წილისყრაში მონაწილეობაზე, რაც მიგვაჩნია, რომ პრობლემურია. კომისიის წევრი არ წარმოადგენს მისი დამნიშნავი სუბიექტის პარტიულ ინტერესებს და უნდა დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობა. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში კომისიის შესაბამის წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

2. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც 30 ოქტომბრის მეორე ტურის დროს დაფიქსირდა ხმის მიცემის კაბინაში ფოტო-გადაღების ფაქტები. ერთ-ერთ შემთხვევაში კი ამომრჩეველმა წინასწარ ითხოვა ფოტოს გადაღების უფლება თუ ჰქონდა, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განუცხადა. გარდა ამისა, მივიღეთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე ამომრჩეველმა ფოტო გადაუღო ბიულეტინსაც და საკუთარ პირადობის მოწმობასაც ერთდროულად, რაც ნაკლებ სავარაუდოა, წარმოადგენდეს სოციალურ ქსელში გასავრცელებელ ფოტოს და, შესაძლოა, ისინი ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებოდეს. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ისევე, როგორც ნების გამოვლენაზე ზემოქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია და საგამოძიებო ორგანოებმა აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტები. ზემდგომმა საარჩევნო ადმინისტრაციებმა კი მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინონ საუბნო კომისიის წევრების მიმართ, რადგან სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ხმის მიცემის ფარულობა.

3. კანდიდატი და მისი მეუღლე კაბინაში

ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში ხმა მისცა მეუღლესთან ერთად. მართალია ეს ფაქტი განყენებული იყო და ტენდენციაზე საუბარი არაა, თუმცა კომისიის მიერ დროული რეაგირების არარსებობა უარყოფითად უნდა შეფასდეს. საჯარო პირების მიერ პროცედურების ზედმიწევნითი დაცვა აუცილებელია, რათა ამომრჩევლებმა არასწორი მაგალითი არ მიიღონ და ამასთან, არ შეიქმნას კანონის შერჩევითად გამოყენების განცდა.

4. დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა

ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე (65.67.20) დამკვირვებელს დილიდან ექმნებოდა პრობლემები, როდესაც მას არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება, შემდგომ კი დარღვევაზე რეაგირებისას საჩივრის რეგისტრაციაზე აცხადებდა კომისია უარს. ერთ საათზე მეტი, საოლქო კომისიის ჩართულობა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მისვლა გახდა საჭირო საჩივრის რეგისტრაციაში გატარებისათვის. დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას შესაბამისი მოთხოვნით და იმედს ვიტოვებთ, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

5. ფიზიკური დაპირისპირება და წესრიგის დარღვევა

გორის მუნიციპალიტეტის უბნებზე (რომელთა ნაწილი კასპის საარჩევნო ოლქში მოჰყვა არსებული საარჩევნო სისტემის შემუშავების შედეგად) დაფიქსირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. საუბარია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ცემის ფაქტზე. ერთ-ერთ უბანზე კი კართან იდგნენ პირები რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ამომრჩევლებს და საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის გარეშე წესრიგის დამყარება ვერ მოხერხდა თავმჯდომარის მიერ ფაქტის იგნორირების გამო.

6. ტექნიკური ხარვეზები და კომისიის კვალიფიკაციის პრობლემა

გორისა და ზუგდიდის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა სხვა ხარვეზები, რომლებიც უმეტესწილად ტექნიკური ხასიათის იყო და მიუთითებს კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემაზე. ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო კომისიამ საოლქო კომისიის წარმომადგენლის დახმარებით ჩაატარა დილის პროცედურები და, სავარაუდოდ, მის გარეშე, ვერ მოხდებოდა ამ პროცედურების დაცვა; ზუგდიდის სხვა უბანზე სადემონსტრაციო ოქმის შევსება პროცედურების თანახმად არ ხდებოდა; გორის რამდენიმე უბანზე მარკირების და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები არ სრულდებოდა სრულყოფილად (არ ხდებოდა სათანადოდ დანათება, ხელმოწერების დაფიქსირება არ ხდებოდა).

სულ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში დაიწერა 2 საჩივარი საარჩევნო უბანზე, ერთი საჩივარი საოლქო კომისიაში, 10-მდე წერილობითი შენიშვნა გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში. აგრეთვე მიეწოდება განცხადებები ცესკოს და საოლქო პროკურატურას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულ დარღვევათა დიდი ნაწილი სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს და გამოჰყოფს იმ საკითხებს, რაზედაც სამომავლოდ მუშაობა

აუცილებელია. თუმცა ხმის მიცემის ფარულობის პრობლემა წარმოშობს ისეთ კითხვის ნიშნებს, რომლებზედაც დროული და დამაჯერებელი პასუხის გარეშე ჩრდილი ადგება საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ტენდენციით და მოახდინონ სათანადო რეაგირება.

იმედს ვიტოვებთ, ხმის დათვლის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართება და ადგილი არ ექნება არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ დაპირისპირებებს. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონით დადგენილი მოთხოვნები.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 36-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს მე-20 უბანზე ყუთიდან 8 ოქტომბრის ბიულეტენები ამოვიდა