ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია შემოწირულობაზე უარს აცხადებს და მიწის ნაკვეთს ოჯახს უბრუნებს

სოფელ ჭალეში აქუბარდიების ოჯახის მიერ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, ეპარქიის წარმომადგენლობა სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი განვითარებული პროცესების გამო ეპარქია შემოწირულობაზე უარს აცხადებს და ოჯახს უბრუნებს:
„ჭალეში მიმდინარე პროცესებთან დაკამშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი.

2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიებმა გარდაცვლილი შვილის, – ომარის სახელზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შემოსწირეს მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო. ოჯახის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ადგილას დაარსებულიყო მონასტერი. ქონება იურიდიულად გადაუფორმდა საქართველოს საპატრიარქოს. ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზის გამო მონასტრის დაარსება გაჭიანურდა. მიუხედავად იმისა, რომ კარ-მიდამო იურიდიულად ეკუთვნოდა ეკლესიას, მისით არასდროს უსარგებლია, რადგან შემოსავალს (თხილნარი და სახნავ-სათესი) განკარგავდნენ ოჯახის ნათესავები.

2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ანძა პროექტის თანახმად უნდა აღმართულიყო შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე. მიწის დათმობისათვის კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართა ეპარქიას. იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, ეკლესია დათანხმდა წინადადებას და კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა 171 663 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაცია მიიღო ელექტროგადამცემი ხაზის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობამ.

სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ოჯახმა და ნათესავებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და განაცხადეს, რომ ეპარქიამ მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და გაყიდა ზემოთხსენებული ქონება. ამასთან დაკავშირებით ეპარქიამ გააკეთა განცხადება მიმდინარე წლის 7 ივნისს. ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას.

წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „მხიარულებით მისაცემილი უყვარს უფალსა“. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს. რადგან მიმდინარეობს სათანადო იურიდიული პროცედურის დაზუსტება ამ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ დღემდე არ გაჟღერებულა.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/ZugdidiTsaishiDiocese/videos/1501477886540699/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიწის კანონის შესახებ