ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი შეზღუდვები პრობლემებს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ თავად პროკურორებსაც უქმნის. გახმაურებული საქმეების პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ მობილური ტელეფონის გარეშე სასამართლო დარბაზში მუშაობა მისთვისაც გართულდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი განმარტავს, რომ აკრძალვა აბსოლუტურად ყველას ეხება.
ახალი წესებით, სასამართლო პროცესებიდან ინფორმაციის სწრაფი გავრცელება მნიშვნელოვნად რთულდება. უკვე მოქმედი შეზღუდვის პირველი მაგალითი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაფიქსირდა – „ტვ პირველის“ ჯგუფი სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც მანდატურებმა მათი მობილური ტელეფონები დალუქეს. ალტერნატივად ჟურნალისტებს მხოლოდ ფურცელი და კალამი შესთავაზეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე აკრძალულია ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ფოტოების გადაღებაც. ახლა კი, მობილური ტელეფონების აკრძალვამ ჟურნალისტებისთვის სასამართლო პროცესების გაშუქება კიდევ უფრო შეუძლებელი გახადა – რედაქციებთან ინფორმაციის დროულად გაზიარება ფაქტობრივად დაიბლოკა.


















