ზუგდიდის სასამართლომ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებულ შალვა ესართიას აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სამოქალაქო ორგანიზაცია – „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის” გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის უწყვეტი აქციის მედეროშეს შალვა ესართიას, რომელიც 2026 წლის 17 მარტს საპარტულო პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, დაკავებიდან მეორე დღეს ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა. საქმის სამართლებრივი აბსურდულობიდან გამომდინარე, ეს ყოველივე თავისი შინაარსით აშკარა რეპრესიასა და აქტივისტის დევნას წარმოადგენს.
“მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებებს:
საპატრულო ეკიპაჟის ქმედება: შალვა ესართიას ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითისთვის გზის არდათმობის გამოგონილი მიზეზით გაჩერება წარმოადგენს კლასიკურ პოლიციურ პროვოკაციას, რომლის ერთადერთი მიზანი კონფლიქტური სიტუაციის ხელოვნურად შექმნა იყო. გაჩერებისთანავე, შალვა ესართიამ კატეგორიულად უარყო სამართალდარღვევის ფაქტი, ვინაიდან, მისი პოზიციით, მას წესები არ დაურღვევია და ქვეითის მოძრაობისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია.
ქმედების არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია: სრულიად გაუგებარი და სამართლებრივად აბსურდულია ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია. შალვა ესართიას მიერ, მისი დაკავებისას ემოციურ ფონზე გამოთქმული პროტესტი არ უნდა იქნეს განხილულილი სისხლის სამართლებრივ ჭრილში. მსგავსი ინციდენტები, როგორც წესი, ადმინისტრაციული წესით განიხილება, მუხლის დამძიმება მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ადამიანის დასჯის განსაკუთრებულ ინტერესზე.
წარსული გამოცდილება: შალვას მიმართ ადრე გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა და ახლანდელი გადაკვალიფიცირებული ბრალი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს სისტემურ დევნას მისი აქტივობისა თუ პიროვნული პოზიციის გამო.
მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა უწყებებმა, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპით, სამართალდამცავი სისტემა არ უნდა გამოიყენებოდეს მოქალაქეების წინააღმდეგ დევნის იარაღად განსხვავებული შეხედულებებისა თუ გამოთქმული პროტესტის გამო და ადმინისტრაციული დავის სისხლისსამართლებრივ დევნად გადასაქცევად.
სოლიდარობას ვუცხადებთ შალვა ესართიას და მოვითხოვთ, დაუყონებლივ შეწყდეს მის მიმართ სამართლებრივი დევნა და დაუყონებლივ მოხდეს მისი გათავისუფლება!”_ აცხადებს სამოქალაქო ორგანიზაცია.
ინფორმაციისთვის, პროკურატურამ ესართიას ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის 353-ე ტერცია მუხლით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მესამე ნაწილით სახდელდადებული პირის მიერ იმავე მუხლის კიდევ ერთხელ დარღვევა ისჯება 1 წლამდე პატიმრობით.