ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შოთა ბიჭიამ Pos TV-ის გადამღები ჯგუფისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათზე ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო ვიტალი გუგუჩია.
ვიტალი გუგუჩიას ცოლი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას 2024 წლის 29 მაისს მათ კუთვნილ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებდა. სწორედ ამ დღეს გაიცნო საზოგადოებამ ცოლ-ქმარი, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებოდნენ.
ამ დღეს მათ თავიანთი სასურსათო მაღაზიიდან გააბრუნეს წინა დღით მაღაზიის გარე დახლიდან ფორთოხლის აღებისთვის ბოდიშის მოსახდელად მისული საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.
რამდენიმე დღეში, 31 მაისს, სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას სახლთან მივიდნენ ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილი ტელევიზიის, PosTV-ის, ჟურნალისტი ნათია ბერიძე და ოპერატორი. მათთან კომუნიკაციას ვიტალი გუგუჩიას ცოლი მობილური ტელეფონით იღებდა.
მათთან კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც Pos TV-ის ოპერატორი ვიტალი გუგუჩიას მიმართავს: „მოდი აქ“, რის შემდეგაც ისმის გინება და ფიზიკური დაპირისპირება იწყება.


















