ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს არჩევნების შემდეგ მიუბრუნდებიან

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პარტიიდან გარიცხვის საკითხს არჩევნების შემდეგ მიუბრუნდებიან. ასე უპასუხა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ჟურნალისტის კითხვას, დააყენა თუ არა პარტიაში თაზო ფაცაციას გარიცხვის საკითხი, რომელმაც რომელმაც ენმ-ს წევრი ქალების მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხს მივუბრუნდებით, გადაიაროს არჩევნებმა. ძალიან დაძაბული ვითარებაა ახლა ზუგდიდში, ყოველ შემთხვევაში, ეს ჩანს ეკრანებიდან. შესაბამისად, ალბათ ამაზე საუბრის დროც მოვა”, – თქვა ჩუგოშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ კოლეგა ქალებს მხარდაჭერას უცხადებს, მიუხედავად იმისა, ვინ არის სიტყვების ავტორი.

“სრულიად მიუღებელია ჩემთვის ის კომენტარი, რომელიც დაიწერა. როგორც წესი, ქალები ხდებიან ხოლმე ასეთი ტექსტების სამიზნე. მე თვითონაც გავმხდარვარ, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან და სხვათაშორის, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ქალებს, მაშინ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ასეთი მხარდაჭერა არ მიმიღია, როცა გავმხდარვარ სრულიად მიუღებელი, ამაზრზენი, კომენტარების ობიექტი. მაგრამ მე მინდა დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა ჩემი ქალი კოლეგის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის და ვინ არის ავტორი, ასეთი რამ არის სრულიად მიუღებელი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ ამ ქვეყანაში, რომ პოლიტიკური დაპირისპირება და პოლიტიკური ჭიდილი არ ნიშნავს ყველანაირი ზღვარის წაშლას აბსოლუტურად და თავზე ხელის აღებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშილგბტ დროშა ბარათაშვილის ხიდზე
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი საფრანგეთის ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა