ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას STV ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია იგებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს და აჩენს კითხვებს სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, რაზეც ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი.

TI მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს შპს „ევრომშენი 999”-ის მიერ ზუგდიდის გამგეობისა და ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების კანონიერების საკითხი.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის განცხადებით, მას „ევრომშენი 999“-სთან კავშირი არ აქვს. ჯაიანი თამამად ამბობს, რომ ყოფილ კომპანიასთან დაკავშირებით კანონდარღვევასა და ეჭვის საფუძველს ვერ ხედავს.

“აღნიშნული კომპანია კანონის სრული დაცვით გადავეცი ამჟამინდელ, მოქმედ დირექტორს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მერიაში მაღალ თანამდებობაზე დავინიშნე. ჩემს სახელზე არცერთი კომპანია არ ირიცხება. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ ეჭვის ვერავითარ საფუძველს, თუმცა, თუ ეჭვი და კითხვები მაინც არსებობს კანონდარღვევასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს შეუძლიათ მიმართონ და სიმართლეს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს ლაშა ჯაიანი.

“სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემა საჯაროა და ნებისმიერ მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასურველ ტენდერში თუ ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

შესაბამისად შპს “ევრომშენი” გამარჯვებულად გამოვლინდა მხოლოდ იმ ტენდერებში სადაც სრულყოფილად დააკმაყოფილა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იცავს არადისკრიმინაციულობის და თანასწორობის პრინციპებს. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები საჯარო და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი ორსული იყო
შემდეგი სტატია“გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას მაღალჩინოსნები აკითხავენ” – ადგილობრივებმა პარლამენტარი ამოიცნეს