ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები და თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.

წოწერიას თქმით, მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზუგდიდელებს, მათ მხარდამჭერებს, რომლებიც შეკრებილი იყვნენ მე-20 საარჩევნო უბანთან, სეპარატისტები უწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, მანამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. ასევე მისი თქმით, წოწერიას მხარდამჭერებმა მას ჰკითხეს, რატომ ჩამოვიდა ქვემო ქართლიდან დამკვირვებლად. მუმლაძის განცხადებით, ამ კონკრეტული ჯგუფის განცხადება მიიჩნია სეპარატისტულად და ამიტომ უწოდა იმ კონკრეტულ ჯგუფს, წოწერიას მხარდამჭერებს სეპარატისტები და არა ზოგადად ზუგდიდელებს.

ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ხმაური უბანზე დილიდან იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია – ცესკო
შემდეგი სტატიადეგნანი – ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა და მისცემს ხმას, რათა ლიდერები გახადონ ანგარიშვალდებული, ეს არის დემოკრატიის არსი