ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდელებს მიმართვას

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო საყვარელო ზუგდიდელებო!

ოთხმოცდაათიან წლებში ერთი ახალგაზრდა მომიყვა, თუ როგორ გადაეფარა მისი მეგობარი მტრის მიერ ნასროლ ხელყუმბარას და როგორ იხსნა იქ მდგომი ადამიანები სიკვდილისგან. ამ ახალგაზრდას გადარჩენილის სინდრომი ჰქონდა – დანაშაულის გრძნობა, რომ ის ბიჭი დაიღუპა და თვითონ გადარჩა. როცა 9 აპრილის გმირებზე და რუსეთთან ომებში დაღუპულ ჩვენს თანამემამულეებზე ვფიქრობ, მეც დანაშაულის გრძნობა მიპყრობს, ისინი რომ ცოცხლები არ არიან, მე კი გადავრჩი, მათ რომ თავი არ დაზოგეს, მე კი თავი გადავირჩინე.
ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზების შემდეგ ორი გზა დავინახე: უარვყო ეს შემოთავაზება და ვიყო ჩემთვის, ჩუმად, არავის ვაწყენინო და მოვკვდე თბილ ლოგინში წყნარად. სიკვდილის შემდეგ იტყვიან: კარგი კაცი იყო, სხვის საქმეებში არ ერეოდა, ძალიან ცოტას თუ ახსოვს მისგან ცუდიო. როგორც უკვე იცით, მეორე გზა ავირჩიე. მეც მითქვამს და ბევრისგან გამიგია, მაგალითად, ბატონ პაატა ბურჭულაძეზე: რამ გადარია ეს დიდი ადამიანი? რად უნდოდა პოლიტიკაში გარევა? ხომ დაკარგა ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის სიყვარულიო? მე მას არ ვედრები, მე ხომ ზუგდიდის გარეთ არავინ მიცნობს, მაგრამ ვიცოდი, მეც იგივე რომ მელოდა, მხოლოდ მასშტაბი იქნებოდა მცირე.
დავთანხმდი, რადგან ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა არამხოლოდ კომფორტის ზონაში, საკუთარ ნაჭუჭში დარჩენის ტოლფასად მომეჩვენა, არამედ სილაჩრისა და ქვეყნის ღალატის გზაზე სიარულის გაგრძელებად. მზად ვარ, ზოგიერთი მეგობრისგან და ახლობლისგან მოვისმინო: შენც, ბრუტუს?! ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა შეცდომები, რომ იყო მძიმე შეცდომებიც. მაგრამ ისიც ვიცი, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოსაშორებელია და მათი მოშორება ვერ მოხერხდება ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის გარეშე. მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა და ბატონი მიხეილი არ გაიმეორებენ ძველ შეცდომებს და არ დაუშვებენ ახალს. და თუ ღმერთი გაწყრა და ეს მაინც მოხდა, ნურავის ეწყინება, მაგრამ მე არ ვაპირებ გაჩუმებას და პირში წყლის დაგუბებას და არ აქვს მნიშვნელობა იმას, მე პარლამენტში ვიქნები, თუ პარლამენტს გარეთ. ბატონ მიხეილ სააკაშვილს უზარმაზარი ენერგია და უნარი აქვს ძველის ნგრევის და ახლის შენების. მესმის, რომ ბევრ თქვენგანს ეშინია ამ ენერგიის. მაგრამ თუ ნამდვილად გინდათ ამ ჭაობიდან ამოსვლა, თქვენ რეალისტები უნდა იყოთ და კიდევ ერთხელ ენდოთ მას და ნაციონალურ მოძრაობას.
გამარჯვებისთვის საჭიროა, ყველა დაირაზმოს ერთის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციაში სასურველი ერთობა არაა, მაგრამ იმედია, რომ ეს მდგომარეობა გარკვეულ ეტაპზე შეიცვლება. სხვა გზა არაა. ყველამ უნდა გადადოს გვერდზე ის მეორეხარისხოვანი, რაც ხელს უშლის ამ ერთობას. იმიტომ არ მივდივარ პოლიტიკაში, რომ ჩემი საცხოვრებელი პირობები გავიუმჯობესო. არა, ეს არ არის ჩემი მიზანი. გავიმეორებ: მინდა, ამ ქვეყნის მშენებლობაში მეც მივიღო მონაწილეობა, მეც ერთი აგური მივიტანო იქ, სადაც თავიდან, უკვე მერამდენედ, უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის მომავლის შენება. ამ დღეებში აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება აზრი ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს. ნასესხებ სიცოცხლეს. მე მაქვს სურვილი, ნამდვილად დიდი ამბიცია, რომ იმ სამყაროში ჩვენი გმირების გამჭოლ მზერას თვალები არ მოვარიდო.
მე მჯერა, იმიტომ გადავრჩით, რომ რაღაც კარგი გვაქვს გასაკეთებელი და სანამ ცოცხლები ვართ, უნდა მოვასწროთ. ჩვენი გასაკეთებელი არ დავუტოვოთ მომავალ თაობებს. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს, უცნობების, ნაცნობების, მეგობრების, ახლობლების. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია

banner
წინა სტატიაშიდღეიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ მიიღებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში