ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ვიწრო შარვლების ჩაცმა აუკრძალა

რა გეგმა ჩაუვარდა ზუგდიდის ადგილობრივ მთავრობას „ნაციონალების“ წინააღმდეგ

ლაშა გოგიას სკანდალური „დრეს კოდი“

ალბათ, ნანახი გაქვთ ბოლშევიკური ბროშურა, რომელიც საბჭოთა ადამიანს „სექსაობის ლიმიტს“ უწესებს. ახლა, ვერ ვიტყვით, რომ ზუგდიდის ახლადარჩეული გამგებელი ლაშა გოგია თანამშრომელთა ინტიმური ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობსო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, გოგიამ ხელქვეითებს შეიძლება, სექსუალური აქტიურობის ფაზებიც დაუწესოს.ეს ბრძანება ნებისიერ მსურველს, ალბათ, ქართულ მხატვრულ ფილმს – „სიყვარული ყველას უნდა“ გაახსენებს, სადაც კოლმეურნეების ჩაცმა-დახურვაზე, კოლმეურნეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მკერავი მაყვალა ზრუნავს. ვინ იქნება ლაშა გოგიას მაყვალა, ამ ბრძანებულებაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ სამაგიეროდ, ბრძანებაში შავით თეთრით წერია, ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა სამსახურში როგორ ჩაცმულ-დახურულებმა უნდა იარონ.
ხუმრობას თავი დავანებოთ და საქმეზე გადავიდეთ:

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერს” ექსკლუზიურად ხელში ჩაუვარდა დოკუმენტის ასლი, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებს გამგებელ ლაშა გოგიას ბრძანებით ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესდათ.
ლაშა გოგიას N3408 ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელი 7 დეკემბერს მოეწერა, თანამშრომელი ვალდებულია “მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად”. ასევე, იმავე ბრძანების თანახმად, “სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა”. (ამ პუნქტის შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია გამგებელმა ერთი “მეტრიანი კადრი” დაუშვას, რომელიც კაბის მუხლს ქვემოთ სიგრძეს გაზომავს გონივრული ეჭვის შემთხვევაში).
იმავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი “დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით” (ეტყობა, წითელი ფერი აგრესიას იწვევს, აი, ისე, როგორც შორეულ ესპანეთში ხარების მოედანზე გასვლისას აფრიალებული ნაჭერი). გოგია იგივე ბრძანების მორიგი მუხლში წერს, რომ “დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება” – თუკი “მეტრიანმა კადრმა” (ანუ, იმან, ქალების კაბებს რომ გაზომავს) არ შეითვისა ეს მუხლი, მაშინ, კიდევ ერთი კადრი გაჩნდება გამგეობაში, რომელიც მაკიაჟებისა და თმის ვარცხნილობების სტანდარტულობას და არაორდინალურობას დაადგენს.
გამგებელ გოგიას აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში, ამოქმედდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული „დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები“ – ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ბრძანებაში.

როგორც ჩანს, ზუგდიდის გამგებელს თანამედროვე ე.წ მოტკეცილი შარვლები არ უხდება და ამიტომაც გადაწყვიტა, „ერის ზნეობაზე ზრუნვის მოტივით“, თანამშრომლებს მხოლოდ კლასიკური, „ფართხუნა“ შარვლების ტარება აიძულოს. აი, რაც შეეხება მოკლე კაბას, როგროც ჩანს, ზუგდიდელ ჩინოვნიკებს გონება ეფატებათ, როცა ქალს კაბა მუხლის თავიდან 6-7 სანტიმეტრით მაღლა აცვია, ანუ აღიგზნებიან და ამიტომაც დაადგინეს ზემოხსენებული ნორმა!
ამ ბრძანების ერთ-ერთ პუნქტში გარკვევით წერია, რომ სამსახურში გამოცხადება მკვეთრი მაკიაჟით და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება დაუშვებელია. მკვეთრ მაკიაჟად ბატონი გოგია, ალბათ, „მყვირალა“ პომადას მიიჩნევს. აი, არასტანდარტული ვარცხნილობა კი რა არის, არავინ იცის. ესე იგი, თუ თანამშრომელი მელოტია, ეს უკვე „არასტანდარტულ ვარცხნილობად“ ჩაითვლება და შეიძლება, სამსახურიდან დაითხოვონ?
ერთი სიტყვით, ზუგდიდის გამგეობაში „ბეზ პიტი მინუტ“ საბჭოთა კავშირი დამყარდება და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ლაშა გოგიამ თავი თანამედროვე ლენინად წარმოიდგინოს. ასე რომ, ზუგდიდელ ჩიოვნკებს ისღა დარჩენიათ, ერთხმად დააგუგუნონ: „ერთა მძლე კავშირი ძმური, შეგვიკრავს გოგიას ხალხს“…

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი და ევროპული საბჭო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატია“აფხაზეთში შეიარაღებული გადატრიალება მზადდება,,