ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები კლინიკის დირექტორის კაბინეტში შეიჭრნენ

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კლინიკის დირექტორს ოთარ შენგელიას დაუპირისპირდნენ და მის კაბინეტში შეიჭრნენ.

აქციის მონაწილეები ოთარ შენგელიასგან მათი გათავისუფლების მიზეზის განმარტებას ითხოვენ.

შენგელიას თქმით, მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და რამოდენიმე მათგანის სამსახურში აღდგენას სამსახურეობრივი გადაცდომების გამო არ აპირებს.

„სულ ცხრა თანამშრომელზეა საუბარი. ხუთ მათგანს გადაცდომა ჰქონდა, რაც შეეხება ოთხს, მე მათ ვუთხარი, რომ დროებით გავათავისუფლე, რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს. როგორც კი გამოსწორდება მდგომარეობა, მათ ისევ დავაბრუნებ. კომისიამ შეგვამოწმა და აქ აღმოჩენილი დარღვევების გამო კლინიკა 80 000-მდე ლარით დაჯარიმდა. ლოგიკურია, რომ შეიქმნა ფინანსური პრობლემები“, – განაცხადა შენგელიამ.

აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათ არანაირი დარღვევები არ ჰქონიათ და ისე მუშაობდნენ, როგორც მათ ხელმძღვანელი ავალებდა.

„11 წელია აქ ვმუშაობთ, არანაირი გადაცდომა და დარღვევა, არც შენიშვნა არ მიგვიღია. ისე ვმუშაობდით, როგორც გვავალებდა ხელმძღვანელი. ახლა ხელმაძღვანელობა შეიცვალა და სამსახურიდან დაგვითხოვეს. ოთხ იანვარს დაგვიბარეს და გვითხრეს, თქვენ ხელშეკრულების ვადა ამოგეწურათ და თავისუფლი ხართო. 11 ადამიანი დაგვტოვეს სამსახურის გარეშე“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად ოთარ შენგელია გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა თამაზ ჯანაშიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, საკადრო ცვლილებას წინ მედიკოსებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია: პროკურატურა აშკარად შეტევაზე გადავიდა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ
შემდეგი სტატიათიანეთში განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში მეჭიაური გამარჯვებაში დარწმუნებულია