“ზუგდიდის არჩევნები გვაჩვენებს, რაზეა წამსვლელი ხელისუფლება”

რატომ მტრობენ ერთმანეთს ძალოვანი მინისტრები, რატომ მიიტანა “ოცნებამ” იერიში რუსთავი 2-ზე, რას გეგმავს ივანიშვილი საშემოდგომოდ, რას დაუპირისპირებს მას გაერთიანებული ოპოზიცია? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია ესაუბრება.
– შსს-სა და სუსს შორის დაპირისპირება უკვე აშკარაა. ჩვენი ძალოვნები ერთმანეთს ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მტრობენ. თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ძალოვან სტრუქტურებში და კარგად იცით ეს სამზარეულო. რატომ ვერ იტანენ ძალოვნები ერთმანეთს ასე?
– ძალოვან სტრუქტურებს შორის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არის დაპირისპირება. ძლიერი სუბიექტები ყოველთვის ებრძვიან ერთმანეთს. ძლიერ სუბიექტებად მათ მივიჩნევ, ვინც ქმნის პოლიტიკას.
შევარდნაძის დროს ერთი პერიოდი ერთმანეთს შსს და თავდაცვის სამინისტრო უპირისპირდებოდნენ. მაშინდელი სამხედრო უწყება პოლიტიზებული იყო და ხელისუფალი თავდაცვის ძალებს ეყრდნობოდა.
მერე გაძლიერდა უშიშროების სამინისტრო და იგორ გიორგაძესა და შსს-ს შორის დაიძაბა სიტუაცია.
სააკაშვილის დროს მოხდა უშიშროებისა და შსს-ს გაერთიანება. ამის შემდეგ უკვე შიგნით ამ უწყებაში დაიწყო დაპირისპირება.
– სოდისა და კუდის დაპირისპირება გაქვთ მხედველობაში?
– დიახ. ასეთ დაპირისპირებებს, იცით, რატომ აქვს ადგილი? ძალოვნები თავიანთი საქმით არ არიან დაკავებული. ისინი ძირითადად პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. ასე იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც.
პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და მეფის კარზე გაძლიერების სურვილი იწვევს ამ დაპირისპირებას.
მოდით, შევხედოთ “ქართული ოცნების” საპარლამენტო ფლანგს. ისინი პარლამენტში შლაგბაუმების ფუნქციას ასრულებენ – ხელი ასწიე, დასწიე. შლაგბაუმი თავისით ვერ იმუშავებს, ის ვიღაცამ უნდა მართოს. ნებისმიერ შლაგბაუმს ჰყავს თავისი ოპერატორი.
ამ შემთხვევაში ოპერატორის ფუნქციას ასრულებს სუსი, ზოგჯერ – შინაგან საქმეთა სამინისტროც. მიდის გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლა.
– გინდათ თქვათ, რომ სუსისა და შსს-ს დაპირისპირება სერიოზული ამბავი არ არის?
– არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ძალოვნებს შორის ასეთი დაპირისპირება ყოველთვის იყო.
– ეს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შს მინისტრად გახარია მოვიდა. არც ეს ნიშნავს რამეს?
– დიდი მნიშვნელობა არც ამას აქვს, თუმცა პიროვნებებზეც არის ბევრი რამე დამოკიდებული. მოდით, ამ დაპირისპირებას დავარქვათ ჩვეულებრივი, ქართული პოლიტიკა.
– ეს ჩვეულებრივი ამბავი ქვეყანას არ აზიანებს?
– როგორ არ აზიანებს. ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო სათანადო დასკვნების გამოტანა. მათ ვერ გაითავისეს, რომ როდესაც ძალოვნები ერთმანეთში იწყებენ ქიშპს, ეს ხელისუფლისთვის საფრთხის მომასწავებელია.
საბჭოთა კავშირის დროს ერთმანეთს სერიოზულად დაუპირისპირდნენ შსს და უშიშროება. ეს დაპირისპირება საბჭოთა კავშირის დაშლით დამთავრდა.
შევარდნაძის დროს ერთმანეთს შსს, უშიშროება და დაზვერვა დაუპირისპირდნენ. ეს შევარდნაძის შეცვლით დამთავრდა.
ძალოვანი სტრუქტურები ერთმანეთს მიშას დროსაც დაუპირისპირდნენ. მაშინ მერაბიშვილს და ახალაიას შორის ჩამოვარდა ქიშპი. ამან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვია.
– გამოდის, რომ ძალოვნებში დაწყებული დაპირისპირება ხელისუფლისთვის ბოლო ჟამის მანიშნებელია.
– ასე გამოდის. ეს კინო უკვე ოთხჯერ მაქვს ნანახი. ახლა მეხუთედ ვუყურებ მას. ფინალიც წინასწარ ვიცი.
– რა იქნება ფინალი, ივანიშვილის ჩამოშლა?
– რა თქმა უნდა.
– დიდი ამბები მოჰყვა შენგელი ფიცხელაურის სუსის უფროსის მოადგილედ დანიშვნას. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკადრო ცვლილებაზე?
– შენგელი ფიცხელაურს დიდი ხანია, ვიცნობ, თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში ერთად ვკითხულობდით ლექციებს. როცა აფხაზეთის იუსტიციის მინისტრი ვიყავი, მაშინ ის უშიშროებაში მუშაობდა. მასთან სამსახურებრივი ურთიერთობაც მქონდა.
მისი პოლიტიკური სეგმენტი მე არ მინახავს. პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მასზე მხოლოდ დადებითს ვიტყვი. ახლა თუ გადაწყვიტა პოლიტიკურ სეგმენტში გადასვლა, ეს მისი საქმეა.
– ფიქრობთ, რომ ის პოლიტიკაში წავიდა?
– სუსი პოლიტიკური სეგმენტია, აბა, რა არის.
– არის მოსაზრება, რომ ის სუსში გახარიას ან ივანიშვილის თვალი და ყური იქნება.
– მე არ ვიცი, რა დამოკიდებულება აქვს მას ან ივანიშვილთან, ან გახარიასთან. შესაბამისად, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხი.
მე რომ მითხრან, ძალოვნებში დაბრუნდიო, არ დავბრუნდები. იქ სულ სხვა ვითარებაა, სულ ახალი თაობაა მოსული. არ ვიცი, როგორ შეძლებს ფიცხელაური მათ კონტროლს, თუ მართლა ამისთვის დაინიშნა სუსში.
დღეს ვინც ძალოვნებში მუშაობს, იქიდან 90% ჩემი სტუდენტია. 23 წელია, ლექციებს ვკითხულობ, კარგად ვიცნობ ამ ახალგაზრდებს და ვიცი, რომ სრულიად სხვა, ახალი სტილით მუშაობენ.
ახლა სულ სხვა რეალობებია. ტექნოლოგიებია წინ წასული. შენგელი ფიცხელაურზე ცუდს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, მაგრამ სუსში მისი მისვლა, რა ვიცი.
– ზემოთ თქვით, რომ ძალოვნების დაპირისპირება ხელისუფლის ჩამოშლით მთავრდება. ძალოვნებიდან რომელიმე მხარე თუ რჩება გამარჯვებული? ამ შემთხვევაში გახარია მოიგებს თუ გომელაური?
– ვერც ერთი ვერ მოიგებს. ეს ისეთი დაპირისპირებაა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს. ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ამ დაპირისპირებაში მას დარჩება გამარჯვება, ძალიან ცდება.
თავის დროზე ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება. სააკაშვილს ეგონა, რომ ეს მისთვის იყო სასარგებლო, მაგრამ საბოლოოდ თავად ჩამოიშალა. ასე მოუვიდა შევარდნაძესაც და ასე მოუვა ივანიშვილსაც.
– მოდით, ძალოვნების დაპირისპირებას შევეშვათ და პოლიტიკურ პროცესებსაც შევეხოთ. ბევრს საუბრობენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. თქვენი აზრით, მივა აქამდე საქმე?
– ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მივდივართ.
– რა ნაბიჯებზე საუბრობთ?
– ყველაფერს, რასაც “ოცნება” აკეთებს. გნებავთ, საკადრო ცვლილებები, გნებავთ, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა. ხელისუფლების მიზანია, რომ სადღაც აგვისტოსთვის რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს.
ტელეკომპანია ორ თვეში ახალ არხზე გადაწყობას ვერ მოასწრებს. ვადამდელი არჩევნები თუ ოქტომბერში ჩატარდა, გამოდის, რომ ის რუსთავი 2-ის გარეშე ჩაივლის. რა გამოდის? ამ ტელევიზიის წინააღმდეგ დაწყებული შეტევა ხელისუფლების მიერ არის მართული.
აქედან გამომდინარე, არსებობს სერიოზული ვარაუდი იმისა, რომ წინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გველოდება
– ვადამდელ არჩევნებზე დარწმუნებით საუბრობთ. ამ ვარაუდს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე გამოთქვამთ თუ რაღაც ინფორმაციაც გაქვთ?
– ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე ვსაუბრობ და ინფორმაციებიც მაქვს.
– ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის მომზადებას მოასწრებს?
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ “ქართული ოცნებაა” მზად. ერთადერთი, ვისაც ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, არის გაერთიანებული ოპოზიცია.
ახლა ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის” არის ხელსაყრელი.
– რატომ არის ვადამდელი არჩევნები “ოცნებისთვის” ხელსაყრელი?
– ვადამდელის შემთხვევაში არჩევნები ძველი კანონით ჩატარდება. “ოცნება” შეინარჩუნებს მაჟორიტარებს.
ვის აქვს ფული? – ხელისუფლებას. ვის აქვს მედიაზე კონტროლი დაწესებული? – ხელისუფლებას. ვინ შეიძლება, რუსთავი 2 დახუროს აგვისტოში? – ხელისუფლებამ. ბიზნესს ვინ აკონტროლებს? – ხელისუფლება. ვისი სახელით იყრიან ბიზნესმენები მაჟორიტარებად კენჭს? – ხელისუფლების.
ჩემი ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები უკვე ხვდებიან მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებს. საუბარი იმ ხალხზეა, ვისაც გააჩნია თავისი ფული.
ხელისუფლებამ ახალი სახეები შეარჩია მაჟორიტარებად. მათ მე ახალ შლაგბაუმებს დავარქმევდი. მათი მისიაც ხელის აწევ-დაწევა იქნება.
ეს ყველაფერი ხელისუფლებას აძლევს ხელს. “ოცნებას” ჰგონია, რომ ამით გადატეხს არჩევნებს, მაგრამ ძალიან ცდება.
2003 წელს შევარდნაძეც ასეთი მეთოდებით მოქმედებდა და მაგიტომაც დასრულდა ის.
ვადამდელი არჩევნები “ოცნებისთვის” მომგებიანია, მაგრამ მათაც გაუჭირდებათ. ყველა დავდივართ ქუჩაში და ვხედავთ, რომ ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.
ხალხის უარყოფით დამოკიდებულებას კარგად გრძნობენ და ამიტომაც არის, რომ მთელი ძალები ზუგდიდში ჰყავთ გადასროლილი, სადაც 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
– ზუგდიდი, როგორც ამბობენ, საპარლამენტო არჩევნების წინ ერთგვარი რეპეტიცია იქნება როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისთვის.
– ზუგდიდი ყველა ვარიანტში რეპეტიცია იქნება. ზუგდიდი გვიჩვენებს, თუ რაზეა წამსვლელი “ქართული ოცნება”. მე კი ვიცი, რაზეც არიან წამსვლელები, მაგრამ ამას ახლა ყველა დაინახავს.
“ოცნებას” ტყუილად აქვს იმის იმედი, რომ ხალხი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასაც ისევე ჩუმად შეხვდება, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა.
ეს ორი არჩევნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საპრეზიდენტო ერთი კაცის არჩევნებია, საპარლამენტო კი – ყველა პოლიტიკური ძალის. შესაბამისად, ნაკლებია შანსი, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება შერჩეს.
პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორისაც კი წაიშალა ზღვარი. კონკრეტული არჩევანის დროს ეს ხალხი ერთად დადგება.
– 2003 წელსაც დაახლოებით ასე იყო.
– ასე იყო. მაშინაც წაიშალა ზღვარი და მივიღეთ ვარდების რევოლუცია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა 800.000-ზე მეტი ხმა აიღო. ხმების ამ რაოდენობით არჩევნები ჯერ არც ერთ კანდიდატს არ წაუგია.
ეს არჩევნები გაერთიანებულ ოპოზიციას სულ რაღაც მილიონი ლარი დაუჯდა. ხელისუფლებას კი ეს ყველაფერი 200 მილიონი დოლარი დაუჯდა.
საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ჯამში 800.000 ხმაზე მეტს მიიღებს. ცესკოს მონაცემებით, “ოცნება” პარლამენტში უმრავლესობას რომ მიიღებს, როგორ გგონიათ, 50.000 ადამიანი მაინც არ გამოვა ქუჩაში ხმების დასაცავად? ხალხი აუცილებლად გამოვა. სამაგიეროდ, ხელისუფლებას არ დაიცავს არავინ. მის მხარდასაჭერად ხალხი არ დადგება ქუჩაში.
“ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბება აღარ გამოუვა.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ხელი ჩამოვართვი, გავამხნევე… თანადგომა აღვუთქვი“ – ნატო ჩხეიძე მაჩალიკაშვილზე
შემდეგი სტატიასოხუმში ხანძარს ერთი ადგილობრივი ემსხვერპლა