ზუგდიდის 79-ე უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელს ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო, შენიშვნა მისცეს

ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ დამკვირვებელ გოჩა რაფავას საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რაფავამ ამომრჩეველს თვალი ჩაუკრა, რის გამოც, ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.

ორგანიზაცია „საუნჯის“ ერთ-ერთი დამკვირვებლის მარიამ უერთაშვილის თქმით, ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანზე „სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრიდან“ დამკვირვებელი გოჩა რაფავა კაბინაში შესულ ამომრჩეველს უყურებდა იმ მიზნით, რომ ენახა, თუ რა შემოხაზა მან, ერთ-ერთს კი, თვალიც ჩაუკრა.

უერთაშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი.

„აღნიშნული ძალიან სერიოზული საარჩევნო გადაცდომაა და აუცილებელია, დაუყოვნებელი და მკაცრი რეაგირება მოხდეს“, – განაცხადა მარიამ უერთაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყიზილაჯლოში ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დაწყებულა
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: კრიმინალი, ადგილობრივი ჩინოვნიკები და სუს-ი ერთად ახორციელებენ ამომრჩეველზე ზეწოლას