ზუგდიდის 105-ე უბანზე “ოცნების” წარმომადგენლებმა ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

ხმაურის ფონზე გრძელდება არჩევნები სამეგრელოში. ზუგდიდის 105-ე უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ამომრჩეველს უფლება არ მისცეს, ხმა მიეცათ.

მათი თქმით, ეს ამომრჩევლები სიებში არ იყო. დაპირისპირების შემდეგ ადგილზე პოლიციაც მივიდა, რომელმაც უბანზე მისული ამომრჩეველი გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანა.

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა და წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ ქართული ოცნების კოორდინატორი უშლიდა ხელს ამომრჩეველს, რომ საარჩევნო უბანზე შესულიყო.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, ამბობს, რომ ზუგდიდის 105-ე უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს და ძალით სვამდნენ მანქანაში.

ქარდავას თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მან პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ასეთი ფაქტები უკვე იღებს ძალიან სერიოზულ სახეს და ამ უბანზე განსაკუთრებით. პირდაპირ უკვე ამომრჩეველს არ აძლევენ ხმის მიცემის უფლებას. ახლა უკვე ხვდებიან, რომ მძიმე ვითარება აქვთ, განსაკუთრებით, ზუგდიდში. შეისწავლეს, ვინ ვის აძლევს ხმას და ოპოზიციონერ ამომრჩეველს ფიზიკური ძალის გამოყენებით უბანზე არ უშვებენ,“ – ამბობს ქარდავა.

გრიგოლ ვაშაძის სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა, ამბობს, რომ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კრიმინალური ავტორიტეტის ადამიანებს თავისუფლება მიანიჭა.

„ფაქტობრივად, აუნთო მწვანე ქუჩის ბიჭებს, რომ ჩაერიონ აქტიურად ადამიანების პოლიტიკური ნების გამოხატვაში, ეს არის სისტემურად. ყველგან დაგვხვდა ანალოგიური სიტუაცია და ვითარება,“ – განაცხადა ზოდელავამ.

banner
წინა სტატიაში,, ჩვენს აგიტატორებს საარჩევნო სიები აქვთ აბსოლუტურად კანონიერად, სიები ფოტოსურათებით ყველა პარტიისთვის ხელმისაწვდომია”
შემდეგი სტატიაცესკო – “ქართული ოცნების” დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში იმიტომ შეჰყვა, რომ ხანდაზმულმა ამომრჩეველმა მას დახმარება სთხოვა