ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული 3 არასრულწლოვანის მდგომარეობაა

ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ბავშვები დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ რჩებიან. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ზუგდიდიდან გადაყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული სამი არასრულწლოვანის მდგომარეობაა, რომლებიც საავადმყოფოში მოგვიანებით გადაიყვანეს.

“ათივე ბავშვს აღენიშნება მდგომაროების გაუმჯობესება, ამ ეტაპზე შედარებით რთულია სამი ბავშვის მდგომარეობა, მათ ტემპერატურა და ღებინება აღენიშნებათ, ისინი ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩებიან. 7 ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. კვლევებით დადგინდა ნაწლავური ინფექცია, რაც გამოწვეულია საკვებით”, -განაცხადა თემურ ნადირაძემ.

ბავშვები საავადმყოფოში რამდენიმე დღე დარჩებიან. კლინიკაში რჩება ბავშვების თანმხლები ქალიც, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, თანმხლებ ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ტრეფიკინგის მუხლით აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის მოადგილე პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა
შემდეგი სტატია“სპეცრაზმის შემოყვანას ძალიან უხეშად დაინახავს მთელი მსოფლიო და რუსეთი”